ბინადრობის ნებართვის მოპოვება საქართველოში

ბინადრობის ნებართვის მოპოვება საქართველოში

რატომ უნდა განიხილავდეთ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვებას

საქართველო, მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობის მქონე ქვეყანაა ევროპასა და აზიას შორის და იგი უცხოელებისთვის საინტერესო ბინადრობის უფლების სისტემას ქმნის.

ბიზნესზე ორიენტირებული გარემო, საგადასახადო შეღავათები და ცხოვრების ხარისხის მაღალი დონე საქართველოს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის, მეწარმეებისთვის, დისტანციურად მომუშავე პირებისთვისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, ვინც სხვა ქვეყანაში დამკვიდრებით არის დაინტერესებული.

უცხოელ მოქალაქეებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვება, შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლიათ.

საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უპირატესობები:

  • საგადასახადო უპირატესობები - საქართველოში მოქმედებს ტერიტორიული საგადასახადო სისტემა, რაც ნიშნავს, რომ ფიზიკური პირებისთვის ქვეყნის გარეთ მიღებული შემოსავალი არ იბეგრება. ბიზნესის მფლობელებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ დაბალი კორპორაციული გადასახადებითა და ინდივიდუალური მეწარმის (IE) საგადასახადო რეჟიმით, რომელიც სთავაზობს საშემოსავლო გადასახადის შემცირებულ, 1%-მდე განაკვეთს.
  • უვიზო მიმოსვლა - ბინადრობის მოწმობა საქართველოში გრძელვადიანი ყოფნის საშუალებას იძლევა, საქართველოს მოქალაქეები კი არაერთი ქვეყნის მიმართულებით სარგებლობენ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით.
  • ბიზნესის განვითარების სიმარტივე - საქართველო იმ სახელმწიფოთა რიცხვს განეკუთვნება, სადაც ბიზნესის დაფუძნება და ოპერირება მარტივია — ქვეყანაში დაბალია ბიუროკრატიული ბარიერები და ბიზნესს აქვს თავისუფალ გარემოში განვითარების შესაძლებლობა.
  • ცხოვრებისთვის აუცილებელი ხარჯების ეკონომიურობა - არაერთ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში ყოველდღიური, საცხოვრებლად საჭირო ხარჯები საგრძნობლად მცირეა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველსა და ხელმისაწვდომს ხდის ქვეყანას.

ბინადრობის ნებართვის მოპოვების სამართლებრივი საფუძვლების მიმოხილვა

საქართველო სხვადასხვა ტიპის ბინადრობის ნებართვას გასცემს დასაქმების, ინვესტიციის, უძრავი ქონების ფლობის, სწავლისა თუ ოჯახის გაერთიანების საფუძველზე. ბინადრობის ნებართვა შესაძლოა იყოს როგორც დროებითი, ისე მუდმივი, რაც დამოკიდებულია დაინტერესებული პირის საქმიანობასა და ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობაზე.

ბინადრობის ნებართვის სახეები საქართველოში

დროებითი ბინადრობის ნებართვა

დროებითი ბინადრობის ნებართვები, როგორც წესი, გაიცემა 6-დან 12 თვემდე ვადით და შესაძლებელია მათი წლიურად განახლება. დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის წინაპირობას შესაძლოა წარმოადგენდეს ოჯახური გაერთიანების ხელშეწყობა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმება, ინვესტიციის განხორციელება, უძრავი ქონების ფლობა, ასევე საგანმანათლებლო და სამეწარმეო მიზნები.

მუდმივი ბინადრობის ნებართვა

მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღება შესაძლებელია საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრებისთვის, ინვესტორებისთვის, ასევე პირებისთვის, რომლებიც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვით უწყვეტად ცხოვრობენ არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.

აღნიშნული ნებართვა პირს აძლევს ქვეყანაში გრძელვადიანი დარჩენისა და უფლებების იმ ძირითადი ნაწილით სარგებლობის შესაძლებლობას, რომელთაც კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეებს ანიჭებს.

ბინადრობის ნებართვის მოპოვების წინაპირობები საქართველოში

ბინადრობის ნებართვის მოპოვების წინაპირობები დამოკიდებულია მოთხოვნის კონკრეტულ ტიპზე, თუმცა ძირითად შემთხვევებში, აუცილებელია რომ აპლიკანტმა სპეციალურ ორგანოს წარუდგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია, რომელთა ჩამონათვალიც არ არის ამომწურავი:

  • პასპორტი;
  • ფინანსური მდგრადობის დამადასტურებელი საბუთი;
  • შრომითი ხელშეკრულება ან ინვესტირების შესახებ მტკიცებულება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (გარკვეულ შემთხვევაში);

ბინადრობა ინვესტიციის საფუძველზე

საქართველო უცხოელ ინვესტორებს სთავაზობს ბინადრობის ნებართვის მიღების ეფექტურ და მოქნილ გზას ინვესტიციის განხორციელების გზით.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ბინადრობის ნებართვა, თუ იგი ახორციელებს არანაკლებ 300,000 აშშ დოლარის ინვესტიციას საქართველოში.

ინვესტიციის ობიექტი შეიძლება იყოს მოქმედი ბიზნესი, უძრავი ქონება ან სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული დარგი. საგულისხმოა, რომ ინვესტორმა შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა დაადასტუროს ინვესტიციის წყაროს წარმოშობა და მისი მიზნობრივი გამოყენება. ნებართვა თავდაპირველად გაიცემა დროებითი ფორმით და გადაისინჯება ყოველწლიურად.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი 5 წლის განმავლობაში წარმატებით ახორციელებს და ინარჩუნებს აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში, მას შეუძლია მოითხოვოს მუდმივი ბინადრობის ნებართვაც.

ბინადრობა უძრავი ქონების ფლობის საფუძველზე

უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს დროებითი ბინადრობის ნებართვა საქართველოში, თუ იგი ფლობს უძრავ ქონებას, რომლის ღირებულებაც არ არის ნაკლები 100,000 აშშ დოლარზე.

ბინადრობის ნებართვა გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. აღნიშნული კატეგორიის ნებართვის მოპოვება ხელსაყრელია იმ პირებისთვის, ვინც გეგმავს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვებას, თუმცა უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო ან/და შრომით საქმიანობას.

ბინადრობა შრომითი და სამეწარმეო საქმიანობის საფუძველზე

შრომითი ბინადრობის ნებართვა:

შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც დასაქმებულნი არიან საქართველოში რეგისტრირებულ კერძო ან საჯარო სექტორში.

ბინადრობის ნებართვის მოპოვებისათვის წარდგენილ განაცხადს თან უნდა ერთოდეს შრომითი ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს დასაქმებულის უფლება-მოვალეობებსა და შრომით ანაზღაურებას. ასევე, საგულისხმოა, რომ სახელფასო ანაზღაურება უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ მინიმალურ ზღვარს, რაც ბინადრობის ნებართვის მიღების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია.

ბინადრობის ნებართვა სამეწარმეო საქმიანობის საფუძველზე

მეწარმეებს, რომლებიც საქართველოში აფუძნებენ და წარმატებით ხელმძღვანელობენ ბიზნესს, შეუძლიათ მოითხოვონ ბინადრობის ნებართვა.

ამისთვის აუცილებელია შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს წარედგინოს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს რეალური და აქტიური ბიზნესის არსებობას, ფინანსურ სტაბილურობასა და შესაბამის საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას.

აღნიშნული ნებართვა განიხილება, როგორც საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერის საშუალება, შესაბამისად სახელმწიფო ხელს უწყობს იმ უცხოელ მეწარმეებს, რომლებიც საქართველოში ქმნიან სამუშაო ადგილებს და ახორციელებენ სტაბილურ კომერციულ საქმიანობას.

ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა

ბინადრობის უფლების მოპოვების კიდევ ერთ საფუძველს წარმოადგენს ოჯახური გაერთიანების ხელშეწყობა. აღნიშნული გულისხმობს საქართველოს მოქალაქის ან რეზიდენტის ოჯახის წევრის მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მოთხოვნის შესახებ განაცხადის შევსებას ოჯახთან გაერთიანების მიზნითა და საფუძვლით.

საქართველოს მოქალაქის ან რეზიდენტის ოჯახის წევრში კანონი გულისხმობს საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე საქართველოს რეზიდენტის მეუღლეს, არასრულწლოვან შვილს, მშობლებს, ასევე საქართველოს მოქალაქესა თუ რეზიდენტზე დამოკიდებულ ან ქმედუუნარო პირს.

ბინადრობის უფლების მოთხოვნის პროცედურა საქართველოში

განაცხადის წარდგენის ტექნიკური მახასიათებლები და პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და საჭიროებს შემდეგი იურიდიულ ნაბიჯებს:

  1. განაცხადის წარდგენა მატერიალური სახით იუსტიციის სამინისტროში ან ელექტრონულად, ოფიციალური ვებ. გვერდის საშუალებით.
  2. აუცილებელია განცხადების ფორმას დაერთოს ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს თქვენი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის არსებობას. ასეთი შეიძლება იყოს, ფინანსური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, პასპორტი და სხვა დოკუმენტაცია თქვენი საჭიროებიდან და მოსაპოვებელი ბინადრობის ნებართვის ტიპიდან გამომდინარე.
  3. განცხადების წარდგენის შემდეგ, თქვენს მოთხოვნას შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო 30 დღის ვადაში განიხილავს. აღსანიშნავია, რომ განცხადების მახასიათებლებიდან გამომდინარე, თქვენს მოთხოვნაზე პასუხი, შესაძლოა უფრო მოკლე ვადებშიც მიიღოთ.
  4. ბინადრობის უფლების მოთხოვნის შესახებ განაცხადზე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დადებითი პასუხის მიღებისთანავე გაქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდეთ საქართველოში ბინადრობის ნებართვის უფლების მქონე პირად.

დროებითი ბინადრობის უფლებიდან მუდმივი ბინადრობის უფლების მოპოვებამდე საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის არანაკლებ 10 წლის განმავლობაში ფლობის შემდეგ, ფიზიკურ პირს შეუძლია კვლავ მიმართოს იუსტიციის სამინისტროს ახლა უკვე მუდმივი ბინადრობის უფლების მოპოვების მოთხოვნით. აღნიშნულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია უფლების დამდგენი ორგანოსთვის ეჭვგარეშე იყოს, რომ თქვენ საქართველოში ბინადრობის ნებართვა მთელი ამ დროის განმავლობაში შეინარჩუნეთ.

გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლებელია დროებითი ბინადრობის უფლების ფლობიდან 10 წელზე ნაკლებ ვადაშიც მოიპოვოთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა.

აღნიშნულის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის 5 წლის განმავლობაში ფლობა, რის შემდეგაც თქვენი მოთხოვნა მუდმივი ბინადრობის უფლების მოპოვებაზე სავსებით ვალიდურია.

აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზე თქვენი დროებითი საინვესტიციო ბინადრობის უფლების საფუძველს მინიმუმ 300,000 აშშ დოლარის (ან მისი ექვივალენტი ლარში) ინვესტიცია უნდა წარმოადგენდეს. აუცილებელია, რომ დროებითი ნებართვის ფლობის განმავლობაში, განხორციელებული ბიზნესის საქმიანობა, აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

კერძოდ: ბიზნესის ოპერირების პირველ წელს მისი წლიური ბრუნვა შეადგენდეს: $50,000 აშშ დოლარს, მეორე წელს $100,000 აშშ დოლარს, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლებში, მინიმუმ $120,000 აშშ დოლარს. დროებითი საინვესტიციო ნებართვიდან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვებისას, ბიზნესის წლიური ბრუნვის საკანონმდებლო მინიმალური ლიმიტების დაკმაყოფილების ალტერნატივად, განმცხადებელმა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი შესაძლოა განამტკიცოს ალტერნატიული საშუალებით, კერძოდ დაადასტუროს $300,000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში საკუთრების უფლების არსებობა.

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მექანიზმები

ნატურალიზაციის პროცესი

ნატურალიზაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით.

ნატურალიზაციის სახეებია:

  • მოქალაქეობის სტანდარტული წესით მინიჭება;
  • მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება;
  • მოქალაქეობის მინიჭება განსაკუთრებულ შემთხვევაში;
  • მოქალაქეობის მინიჭება მისი აღდგენის გზით.

სტანდარტული წესით ნატურალიზაციისას საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნებისთვის განმცხადებელი აუცილებელია:

  • კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და საფუძველზე ცხოვრობდეს საქართველოში მინიმუმ 10 წლის განმავლობაში
  • ჩაბარებული ჰქონდეს სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის გამოცდები
  • ინტეგრირებული იყოს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან, რაც შესაძლოა გამოხატულ იქნეს კორპორატიულ ან/და შრომით სფეროში ჩართულობით.

მოქალაქეობის მინიჭება გამონაკლისის წესით განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტს განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლია მოქალაქეობა მიანიჭოს იმ უცხო ქვეყნის წარმომადგენელს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებს საქართველოსთვის ან როდესაც მოქალაქეობის ამ წესით მინიჭება ემსახურება ქვეყნის ინტერესებს.

ამ მხრივ, მოქალაქეობა შესაძლოა მინიჭებულ იქნეს ისეთი პირებისთვის, რომლებსაც საქართველოსთან რაიმე საგვარეულო კავშირი აქვს წინაპართა სახით, ასევე მსხვილ ინვესტორებს, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოს ეკონომიკის ზრდას, ასევე, სპორტში, მეცნიერებასა თუ ხელოვნებაში გამოჩენილ პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ საკუთარი პროფესიული წარმატების გზაზე საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ. გარკვეულ შემთხვევაში, აპლიკანტებმა ასევე უნდა ცხადყონ, რომ იციან ქართული ენა, ისტორია და ძირითადი კანონმდებლობა.

ზოგადი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბინადრობის მოპოვების პროცედურა სხვა ქვეყნებთან შედარებით მარტივია, ხშირად განმცხადებლები მაინც აწყდებიან სხვადასხვა პროცედურულ პრობლემას, როგორიცაა:

  • სამართლებრივი მოთხოვნებით გამოწვეული დაბნეულობა - ადგილობრივი კანონებისა და მოთხოვნების გაგება არც თუ ისე მარტივია ამ საკითხში სპეციალიზებული პირების ჩართულობის გარეშე.
  • დოკუმენტაციის გამართვასთან დაკავშირებული კომპლექსურობა - დოკუმენტების ნაკლებობამ ან არასწორმა წარდგენამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენს მოთხოვნაზე პასუხის გაჭიანურება.
  • საკანონმდებლო რეგულაციების ცვლილება - საქართველოს საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილების შემთხვევაში, აუცილებელია ფლობდეთ ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ და იცნობდეთ განახლებულ პოლიტიკას.

ამ საკმაოდ კომპლექსური და ვრცელი პროცესის გასამარტივებლად, ჩვენ გთავაზობთ კვალიფიციურ პირთა დახმარებას - დოკუმენტაციის გამართვისა და წარდგენის, ასევე სხვა ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, რათა თქვენი ბინადრობის უფლების მოპოვება მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური პროცესით წარიმართოს. თუ ხართ ინვესტორი, მეწარმე, ან უბრალოდ გსურთ საქართველოში დაფუძნება, ჩვენი გუნდი გთავაზობთ მხარდაჭერასა და შესაბამისი იურიდიული ნაბიჯების გადადგმას, საკანონმდებლო მოთხოვნათა შორის გზის გაკვალვაში.

დეტალური ინფორმაციისა და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ჩვენ, Justice League-ს!

ნინო დანელია

ᲜᲘᲜᲝ ᲓᲐᲜᲔᲚᲘᲐ

December 23, 2025

Justice League All rights reserved
Loading