სამართლებრივი მოთხოვნები საქართველოში ინვესტორებისთვის: გზამკვლევი

რატომ უნდა განახორციელო ინვესტიცია საქართველოში?
საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა საინვესტიციო პოლიტიკისა და ბიზნესგარემოს განვითარების კუთხით. უცხოური ინვესტიციების მოზიდვა საქართველოს მსგავსი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია.
საქართველოში ინვესტირების უპირატესობებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ლიბერალური და პროგნოზირებადი სამართლებრივი გარემო, კერძოდ:
1. საგადასახადო სისტემა
საქართველო ინვესტორთათვის საკმაოდ მიმზიდველია ბიზნესისადმი მეგობრული დამოკიდებულებითა და სამართლებრივი გარემოთი. ბიზნესის დაწყების მიზნებისთვის დაბალი საგადასახადო განაკვეთები და მოქნილი სარეგისტრაციო პოლიტიკა დამატებითი უპირატესობაა. ყველაფერთან ერთად, ქვეყანა ინვესტორს სთავაზობს წვდომას მზარდ ბაზარზე, როგორც ევროპის, ისე აზიის მიმართულებით.
ქვეყანაში მოქმედებს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული საგადასახადო მოდელი რეგიონში, რაც ინვესტორს საშუალებას აძლევს მეტი რესურსი რეინვესტირებისკენ მიმართოს.
2. საინვესტიციო შესაძლებლობები
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ქმნის დიდ პოტენციალს ლოგისტიკისა და ვაჭრობისათვის. პერსპექტიული სექტორებია:
- განახლებადი ენერგია
- ტურიზმი
- სოფლის მეურნეობა
- საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT სექტორი)
- სამშენებლო ბიზნესი
3. საერთაშორისო ხელშეკრულებები
საქართველო ჩინეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ევროკავშირსა და სხვა მრავალ ქვეყანასთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილეა, რაც ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას გააფართოვოს ბიზნესი.
4. ინვესტორთა უფლებების დაცვა
ქვეყანაში მოქმედებს სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც იცავს ინვესტორების უფლებებს ეროვნულ დონეზე. გარდა ამისა, ისეთი საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე, როგორიცაა მაგალითად ვაშინგტონის კონვენცია, ნიუ-იორკის კონვენცია და სხვა ინვესტორებს შეუძლიათ დავების გადაწყვეტა საერთაშორისო მექანიზმების მეშვეობითაც, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის საქართველოში ინვესტირებას.
შეუძლია უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ინვესტირება?
უცხოელი ინვესტორისათვის დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნები მეტწილად განისაზღვრება საქართველოსა და ინვესტორის ქვეყანას შორის გაფორმებული ორმხრივი, თუ მრავალმხრივი საინვეტიციო და ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებით. მიუხედავად სახელმწიფოთაშორის გაფორმებული შეთანხმებების შინაარსის მნიშვნელობისა, საქართველოს კანონმდებლობა ეროვნულ დონეზეც განსაზღვრავს ინვესტირებისათვის საჭირო წინაპირობებს, რომელთა შორისაც უპირველეს ყოვლისა აქტუალურია:
ინვესტიციის არსი და ცნება
საქართველოს კანონის „საინვეტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ თანახმად იმისათვის, რომ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობა მიიჩნეოდეს ინვესტიციად, საჭიროა იგი აკმაყოფილებდეს ინვესტიციისათვის დადგენილ კრიტერიუმებს. კერძოდ, ინვესტიციად მიიჩნევა ყველა სახის ქონებრივი და ინტელექტუალური ფასეულობა ან უფლება, რომელიც დაბანდება და გამოყენება შესაძლოა მოგების მიღების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობაში.
ასეთი ფასეულობა ან უფლება შეიძლება იყოს:
- ფულადი სახსრები;
- წილი;
- აქციები;
- ფასიანი ქაღალდები;
- უძრავი და მოძრავი ქონება;
- მიწით ან სხვა ბუნებრივი რესურსით სარგებლობის უფლება, გამოცდილება და სხვა.
საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტი (ინვესტორი) და ობიექტი
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე უცხოელ ინვესტორად ითვლებიან:
- უცხო სახელმწიფოს მოქალაქე;
- იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს საზღვრებს გარეთ;
- მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე;
- საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოს საზღვრებს გარეთ;
განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიცია
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, კანონმდებლობაში რეგლამენტირებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიცია და მასთან დაკავშირებული საშეღავათო პირობები. კერძოდ, განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მოპოვება შესაძლებელია, თუ:
- ინვესტიციის საერთო ღირებულება აღემატება 8 მილიონ ლარს, ან
- ფუნქციონალური და სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მოპოვებისათვის დადგენილი ინვესტიციის ოდენობა მნიშვნელოვნად მცირეა, თუ ინვესტიცია ხორციელდება საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებულ მნიშვნელობის ინვესტიციად მიიჩნევა 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია.
მართალია ზემოთ ჩამოთვლილი წინაპირობები არ გახლავთ ამომწურავი, თუმცა ისინი განსაზღვრავენ ინვესტორთა მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას.
რა ნაბიჯები უნდა გადადგას უცხოელმა ინვესტორმა საქართველოში ინვესტირებისათვის?
რეკომენდირებულია, საქართველოში ინვესტირებამდე უცხოელმა ინვესტორმა გამოიკვლიოს სამართლებრივი და ბიზნეს გარემო, რათა შეძლოს სწორად აარჩიოს ბიზნესის განხორციელებისათვის საჭირო ფორმა და დაარეგისტრიროს იგი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესისამებრ;
საქართველოში მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციისა და ფორმირების პროცესისთვის გადასადგმელი ძირითადი სამართლებრივი ნაბიჯებია:
- უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ბიზნესის მიზნების გათვალისწინებით სწორად განისაზღვროს სამეწარმეო ფორმა, მაგალითად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), ინდივიდუალური მეწარმე, სააქციო საზოგადოება ან სხვა ტიპის სამართლებრივი ფორმა.
- მეწარმე სუბიექტისათვის უნდა შეირჩეს უნიკალური სახელწოდება.
- საჭიროა მომზადდეს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უნდა წარედგინოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია - კრების ოქმი ან პარტნიორის გადაწყვეტილება, სადამფუძნებლო შეთანხმება, წესდება და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის მიზნებისათვის. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია უდნა წარედგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით.
- ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია შესაძლოა მომზადდეს როგორც ქართულ, ისე ნებისმიერ სხვა არასახელმწიფო ენაზე, ხოლო დოკუმენტაცია, რომელიც არ არსი სახელმწიფო ენაზე შესრულებული ექვემდებარება თარგმნასა და სათანადო წესით დამოწმებას.
ინვესტირებამდე გასათვალისწინებელი სამართლებრივი რისკები
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველო საინვესტიციო მიმართულებით მიმზიდველი ქვეყანააშედარებით მარტივი ბიზნეს–გარემო, დაბალი ბიუროკრატია და საგადასახადო შეღავათები. თუმცა, უცხოელი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია, წინასწარ გაითვალისწინოს სამართლებრივი რისკები, რათა თავიდან აიცილოს ფინანსური ზიანი.
ძირითადი სამართლებრივი რისკები, შესაძლოა იყოს:
რეგულაციების არასწორი გაგება
უცხოელი ინვესტორები ხშირად აწყდებიან სირთულეს ადგილობრივი კანონმდებლობის ინტერპრეტაციაში. წარმატებული ინვესტირებისათვის აუცილებელია ინვესტორმა წინასწარ გაითვალისწინოს საგადასახადო და სანებართვო წესები, მათ შორის, ორმხრივი დაბეგვრის თავიდან აცილების პირობები და შესაბამისი ხელშეკრულებები, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მის საქმიანობას.
ასევე, მიზანშეწონილია ინვესტორი გაეცნოს მის ქვეყანასა და საქართველოს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას და შეისწავლოს ფაქტობრივი გარემო ინვესტირების ხელშეწყობისა და ურთიერთდახმარების ნაწილში.
საკუთრების უფლების დაცვა
უძრავი ქონების შეძენისას აუცილებელია მისი, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი მდგომარეობის გადამოწმება. მიწის ნაკვეთის შეძენამდე განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს მისი სამშენებლო გამოყენების შესაძლებლობის კვლევა, კერძოდ, მიწის ნაკვეთის დანიშნულება და ზონა სადაც მდებარეობს ეს უკანასკნელი. ზოგიერთ შემთხვევაში მიწის ნაკვეთს აქვს ისეთი დანიშნულება ან მდებარეობს ისეთ ზონაში, სადაც შეზღუდულია სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.
საგადასახადო რისკები
საგადასახადო კანონმდებლობა მოითხოვს მუდმივ მონიტორინგსა და სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფას. ინვესტიციის განვითარების მიზნებისათვის, მნიშვნელოვანია, ინვესტორმა სწორად დაგეგმოს ფინანსური ნაბიჯები და მოახდინოს მათი მუდმივი მონიტორინგი.
შრომითი ურთიერთობები
თანამშრომლების დასაქმებისას მნიშვნელოვანია ინვესტორმა გაითვალისწინოს საქართველოს შრომის კანონმდებლობა, რომელიც საკმაოდ დეტალურად განსაზღვრავს დასაქმებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობას. ამ მიზნით, უპირველესყოვლისა, ყურადღებით უნდა მოხდეს შრომითი ხელშეკრულებების პირობების შედგენა, რათა ერთის მხრივ დაცულ იქნეს ინვესტორის ინტერესები, ხოლო მეორე მხრივ შესაბამისობაში იყოს საქართველოს კანონმდებლობასა და შრომის ინსპექციის მოთხოვნებთან.
ყოველდღიური საქმიანობა
საქართველოში ინვესტირებისას, ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში მნიშვნელოვანია ორგანიზაციას ჰქონდეს გამართული ხელშეკრულებები/დოკუმენტები და უზრუნველყოს საქმიანობის კანონთან შესაბამისობა. ზემოთ დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში ინვესტირება პერსპექტიულია, თუმცა მოითხოვს გონივრულ დაგეგმვასა და ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს.
სწორად შერჩეული სექტორი, სამართლებრივი და საგადასახადო გარემოს გათვალისწინება, ასევე ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერა, წარმატების მთავარი წინაპირობაა. ჯასთის ლიგა იურიდიული კომპანიაა, რომელიც უცხოელ ინვესტორებს სთავაზობს მათზე მორგებულ მომსახურების სრულ სპექტრს - კონსულტაციიდან ყოველდღიური საკითხების მონიტორინგის ჩათვლით, სადაც ჩართულია არამხოლოდ ერთი იურისტი, არამედ მთელი გუნდი, მრავალმხრივი ცოდნითა და გამოცდილებით.

ᲜᲘᲜᲝ ᲦᲣᲜᲐᲨᲕᲘᲚᲘ
December 23, 2025









