როგორ მუშაობს დამატებითი ღირებულების გადასახადი საქართველოში

როგორ მუშაობს დამატებითი ღირებულების გადასახადი საქართველოში

ქვეყანაში არსებული საგადასახადო სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების ყოველდღიურ საქმიანობაში.

ხშირ შემთხვევაში, სწორედ, რომ საგადასახადო სისტემის საკანონმდებლო რეგულირება განსაზღვრავს, თუ რამდენად მიმზიდველია ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისა თუ ადგილობრივი პირებისათვის ბიზნეს საქმიანობის განხორციელების კუთხით.

ბიზნესის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებით საინტერესოა დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში - დღგ) საკითხის განხილვა. დღგ წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ საერთო სახელმწიფო გადასახადს საქართველოში. მისი სწორი გაგება აუცილებელია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბიზნესებისთვის.

დღგ-ის საკანონმდებლო რეგულირების თავისებურება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მეწარმე სუბიექტების საქმიანობაზე. საქართველოში დღგ არამხოლოდ სახელმწიფოსთვის წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ შემოსავლის წყაროს, არამედ ბიზნესის გამჭვირვალობისა და ანგარიშგების მაჩვენებელიცაა.

რა არის დამატებითი ღირებულების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდის ვალდებულება?

საგადასახადო სისტემის მთავარ მარეგულირებელ საკანონმდებლო ბაზას, შესაბამის კანონქვემდებარე და საერთაშორისო აქტებთან ერთად, საქართველოს საგადასახადო კოდექსი ქმნის. სწორედ აღნიშნული განსაზღვრავს დღგ-ის ცნებასაც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დღგ არის საქონლის/მომსახურების მოხმარებაზე დადგენილი გადასახადი, რომელიც ამ საქონლის/მომსახურების ფასის პირდაპირპროპორციულია.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ყველა ეტაპზე, საცალო მიწოდების ჩათვლით. დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ ან რეგისტრაციაზე ვალდებულ პირს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგივე ვალდებულება პირს წარმოეშობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ პირებს, რომელთა შემოსავალიც ნებისმიერი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ აჭარბებს 100 000 ლარს, ნებაყოფლობით შეუძლიათ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. 100 000 ლარს ზემოთ ბრუნვის მქონე პირთათვის კი, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის წესი მოქმედებს.

არსებული დამატებითი ღირებულების გადასახადის საპროცენტო განაკვეთი და კატეგორიები საქართველოში

ამჟამინდელი რეგულირების მიხედვით, საქართველოში დღგ-ის განაკვეთი არის 18%. გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, ენიჭება კვალიფიციური/არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. თავდაპირველად, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციისას ნებისმიერ პირს ენიჭება არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

ასევე აღნიშნული სტატუსი ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს, რომელსაც ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება და მისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭებიდან გასულია 6 კალენდარული თვე.

თავის მხრივ, კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონეა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, გარდა არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისა, თუმცა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს შესაბამისი განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით რომლითაც დაადასტურებს საკუთარ საქმიანობას.

შემოსავლების სამსახური განიხილავს განცხადებას და იგი შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში ანიჭებს პირს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსს. სწორედ კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი სარგებლობს იმ საკანონმდებლო, ფაქტობრივად შეღავათით, რომელსაც დღგ-ის ჩათვლის უფლება ჰქვია, რაც გულისხმობს შესაძლებლობას, თავიდან იქნეს აცილებული გადასახადის მრავალჯერადი დაბეგვრა და უზრუნველყოფს, რომ საბოლოო ჯამში დღგ მხოლოდ დამატებულ ღირებულებაზე იქნეს გადახდილი, რაც მეწარმე სუბიექტებისათვის ხელსაყრელი მიდგომაა.

გავრცელებული შეცდომები დამატებითი ღირებულების გადახდასთან დაკავშირებით საქართველოში

როგორც ზემოთ აღინიშნა, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ ან რეგისტრაციაზე ვალდებულ პირს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვხვდებით საქართველოში გავრცელებულ შეცდომებს.

კერძოდ, მეწარმე სუბიექტები რიგ შემთხვევებში, როდესაც ამის ვალდებულება არსებობს, არ რეგისტრირდებიან დღგ-ის გადამხდელად, რაც თავის მხრივ, მათთვის საგადასახადო რისკებს წარმოშობს. გავრცელებულია ასევე შეცდომა დღგ-ის დეკლარირებისა და გადახდის წესში, როდესაც პირები დადგენილ ვადაში არ ახორციელებენ დეკლარაციის შევსებას ან/და დეკლარირებული გადასახადის შესაბამის ანგარიშსწორებას.

მართალია, პრაქტიკაში გავრცელებული შეცდომებიდან ერთ-ერთია დღგ-ის არასწორად გადახდა, თუმცა მნიშვნელოვანი და საგულისხმოა, რომ მსგავსი შეცდომის დაშვების მიზეზი ხშირად, მეწარმე სუბიექტების მიერ თავდაპირველად დასაბეგრი ოპერაციის ღირებულების არასწორად განსაზღვრა ხდება, რაც თავის მხრივ იწვევს ამ ღირებულებიდან დღგ-ის პროცენტის არასწორად გამოთვლასა და გადახდას.

როგორ დაგეხმარებათ „ჯასთის ლიგა“ საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში

იურიდიული კომპანია „ჯასთის ლიგა“ უზრუნველყოფს თქვენთვის ყველა საკანონმდებლო სიახლის გაცნობასა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, რათა მეწარმე სუბიექტის საქმიანობა სრულად შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.

კომპანია ასევე გთავაზობთ თქვენი არსებული მდგომარეობის შემოწმებას, თუ რამდენად შეესაბამება იგი კანონით დადგენილ მოთხოვნებს. „ჯასთის ლიგა“ გაგიწევთ სამართლებრივ კონსულტაციას საგადასახდო საკითხებთან დაკავშირებით და დაგეხმარებათ, წარმართოთ თქვენი ბიზნესის საქმიანობა საგადასახადო კანონმდებლობის სრული დაცვით.

უკვე არსებული სამართლებრივი პრობლემების შემთხვევაში კი, „ჯასთის ლიგა“ იზრუნებს თქვენი უფლებების დაცვაზე და უზრუნველყოფს პრობლემის მოგვარების სწრაფი და მარტივი გზის მოძიებას. შესაბამისად, ,,ჯასთის ლიგა“ მზად არის დაგეხმაროთ და გაგიწიოთ შესაბამისი მომსახურება, თუკი გჭირდებათ დღგ-ის საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაცია საქართველოში.

ნინო დანელია

ᲜᲘᲜᲝ ᲓᲐᲜᲔᲚᲘᲐ

December 23, 2025

Justice League All rights reserved
Loading