შრომითი მიგრაცია: რა შეიცვალა 1 მარტის შემდეგ

2026 წლის 1 მარტს ამოქმედებული შრომითი მიგრაციის ახალი რეჟიმი სულ რაღაც შვიდ თვეში უკვე რამდენჯერმე შეიცვალა. აპრილში პარლამენტმა კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო. ივლისში მთავრობამ განაახლა №70 დადგენილება და ბინადრობის წესი, ხოლო 1 სექტემბრიდან კიდევ ერთი პაკეტი ამოქმედდა.
ზოგადი სურათი ასეთია: ბევრი კატეგორია (დისტანციურად მომუშავეები, საჯარო სექტორი, მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები) ნებართვის აღების ვალდებულებისგან გათავისუფლდა. სამაგიეროდ, მათთვის, ვისაც ნებართვა კვლავ სჭირდება, პროცედურა უფრო დეტალური და მკაცრი გახდა.
ამ სტატიაში განვიხილავთ, რა შეიცვალა მარტის შემდეგ: რომელი წესი აღარ მოქმედებს ისე, როგორც თავიდან იყო, რა დაემატა სრულიად ახალი და რა დარჩა უცვლელი.
რა შეიცვალა მარტის წესებში
რამდენიმე წესი, რომელიც 1 მარტიდან მოქმედებდა, დღეს სხვანაირად მოქმედებს.
უცხოელი დირექტორები
მარტში ითვლებოდა, რომ უცხოელ დირექტორს (მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ან აშშ-ის მოქალაქეს) ყოველთვის სჭირდებოდა შრომითი საქმიანობის უფლება. №321 დადგენილებით ეს ვალდებულება მოეხსნათ საზოგადოებრივი ინტერესის პირებისა და I–III კატეგორიის საწარმოების ხელმძღვანელებსა და აუდიტის კომიტეტის წევრებს. შესაბამისად, დღეს გადამწყვეტია საწარმოს კატეგორია. სააგენტო მას ადგენს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (reportal.ge) მონაცემებით. თუ კომპანია იქ I–III კატეგორიის ან საზოგადოებრივი ინტერესის პირად არ ჩანს, იგი IV კატეგორიად ითვლება და დირექტორს უფლებაც სჭირდება და რეესტრის ამონაწერიც. მცირე ბიზნესის უმრავლესობა სწორედ IV კატეგორიაშია, ამიტომ უცხოელი დირექტორების უმეტესობისთვის ვალდებულება პრაქტიკულად რჩება.
ზომითი კატეგორიის განსაზღვრა
საწარმოს ზომითი კატეგორია სამი კრიტერიუმის – აქტივების ჯამური ღირებულების, შემოსავლისა და დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის – მიხედვით უნდა განისაზღვროს 2016 წლის საანგარიშგებო პერიოდიდან და შემდგომ პერიოდებში, რადგან „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდგომ – კანონი) 2016 წლიდან ამოქმედდა. თუ 2016 წლის საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს საწარმო ზემოხსენებული სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორს აკმაყოფილებს, იგი ჩაითვლება შესაბამისი ზომითი კატეგორიის საწარმოდ.
საწარმოს ზომითი კატეგორია პირველად 2016 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის განისაზღვრება. თუ საწარმოს საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს, მაშინ მისი ზომითი კატეგორია პირველად 2016 წლის 24 ივნისის შემდგომ პირველი დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის ბოლო თარიღის მდგომარეობით განისაზღვრება. ხოლო თუ საწარმო 2016 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის შემდეგ დაფუძნდა, მისი ზომითი კატეგორია პირველად დაფუძნებიდან პირველივე დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის მონაცემებით განისაზღვრება.
ზომითი კატეგორიის ცვლილება მომდევნო პერიოდებში.
თუ სუბიექტი ორი ზედიზედ საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აღარ აკმაყოფილებს ზომითი კატეგორიის განსაზღვრისთვის გათვალისწინებული სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორს, საწარმოს ზომითი კატეგორია შეიცვლება. სხვა სიტყვებით, თუ საწარმო ორი ზედიზედ საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აღარ შეესაბამება იმ ზომით კატეგორიას, რომლის მიხედვითაც ბოლო ანგარიშგება წარადგინა, მისი ზომითი კატეგორია შეიცვლება და მან ანგარიშგება უნდა წარადგინოს იმ კატეგორიის მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც ბოლო დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის მონაცემებით განისაზღვრება.
ზემოაღნიშნული პრინციპი არ ვრცელდება იმ საწარმოზე, რომლის ზომაც წინა საანგარიშგებო პერიოდთან შედარებით ორი ან მეტი კატეგორიით გაიზარდა. ასეთ შემთხვევაში საწარმოს ზომითი კატეგორია მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდშივე შეიცვლება და მან ანგარიშგება უნდა წარადგინოს იმ კატეგორიის მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც ბოლო დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის მონაცემებით განისაზღვრება.
დისტანციური მუშაობა
თავდაპირველად გამონაკლისი მხოლოდ იმ პირებზე ვრცელდებოდა, ვინც ადგილობრივი დამსაქმებლისთვის სრულად დისტანციურად მუშაობდა. №1509 მთავრობის დადგენილებამ ეს გამონაკლისი კანონის დონეზე აიყვანა და დაამატა მეორე: უფლება აღარ სჭირდება იმასაც, ვინც არარეზიდენტისთვის (მაგალითად, უცხოური კომპანიისთვის) მუშაობს, თუ ეს მუშაობა მის საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობას უკავშირდება.
მოკლევადიანი საქმიანობა
მარტში საკმარისი იყო, საქმიანობა 4 თვეს არ აღემატებოდეს და დამსაქმებელს უცხოელი უფასოდ დაერეგისტრირებინა. დღეს 4 თვე ითვლება კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად. რეგისტრაცია მუშაობის დაწყებამდე უნდა დაადასტუროს სააგენტომ. თუ ეს არ მოხდა, თუ პირი ქვეყანაში უკანონოდ იმყოფება ან თუ პროფესია კვოტირებულია, საქმიანობა მოკლევადიანად აღარ ჩაითვლება და პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც დასაქმებულს, ისე დამსაქმებელს.
კვოტის შეთანხმება
მარტის წესით კვოტა ნებართვის მოთხოვნამდე 10 დღით ადრე უნდა შეთანხმებულიყო, ახლა კი 10 სამუშაო დღით ადრე. დაზუსტდა, რომ 5%-იანი ზღვარი არ მოქმედებს, თუ დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია. კვოტას ადგენს სააგენტო. დამსაქმებელს შეუძლია დასაბუთებით მოითხოვოს მისი გაზრდა, ხოლო თუ კვოტა სრულად არ გამოიყენა, სააგენტოს შეუძლია მომდევნო წლის კვოტა შეუმციროს.
ბრუნვის მოთხოვნა და ახალი კომპანიები
50 000 ლარის (საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებისთვის 35 000 ლარის) ბრუნვის მოთხოვნა თავიდან ყველაზე, მათ შორის ახლად დაფუძნებულ კომპანიებზეც ვრცელდებოდა. ამიტომ 1 მარტიდან 9 ივლისამდე ახალ კომპანიას უცხოელის დასაქმება პრაქტიკულად არ შეეძლო. საქართველოს მთავრობის №321 და №317 დადგენილებებით, 3 თვეზე ნაკლები ხნის კომპანიას 3-მდე უცხოელის დასაქმება ბრუნვის დადასტურების გარეშე შეუძლია.
ამ გამონაკლისით სარგებლობისთვის საკმარისია ცნობის წარდგენა კომპანიაში დასაქმებულ უცხოელთა რაოდენობის შესახებ, რომლის მიხედვითაც მათი რაოდენობა სამს არ აღემატება. თუმცა ამ საფუძველზე გაცემული შრომითი ბინადრობის ნებართვა მხოლოდ 6 თვე მოქმედებს, რის შემდეგაც ბრუნვა მაინც უნდა დადასტურდეს, ნებართვის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში.
პოზიციის ან პირობების ცვლილება
მარტის წესებით შეთანხმების გარეშე პირობების ან პოზიციის ცვლილება ჯარიმდებოდა. №321 დადგენილებამ ეს დააზუსტა: საქმიანობის სფეროს შეცვლა ახალ უფლებას მოითხოვს, თანამდებობის დონის, ხელფასის ან სამუშაო გრაფიკის ცვლილება კი არა. ასეთ შემთხვევაში დამსაქმებელს მხოლოდ ხელშეკრულების ცვლილების სისტემაში ასახვა ევალება.\
ხარვეზი და დოკუმენტები
№321 დადგენილებით ხარვეზის გასასწორებლად განმცხადებელს აქვს 10 კალენდარული დღე და მხოლოდ ერთი ცდა: თუ ხარვეზი პირველივე ცდაზე სრულად არ გასწორდა, უფლებაზე უარი ეთქმება. ამასთან, პასპორტი განაცხადის წარდგენისას მოქმედი უნდა იყოს მინიმუმ 6 თვე. ცვლილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ პირთა დროებითი ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებით წარსადგენ დოკუმენტებში.
ინფორმაციულ ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა შრომით იმიგრანტსა და საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად რეგისტრირებულ უცხოელზე, რომელთაც მიღებული აქვთ შრომითი საქმიანობის უფლება და რომლებიც ახორციელებენ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, და მათი ოჯახის წევრებზე, აგრეთვე ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირზე, რომელმაც მიიღო შრომითი საქმიანობის უფლება, და მისი ოჯახის წევრებზე.
ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებული ხდება სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
რა დაემატა სრულიად ახალი
**ახალი გამონაკლისები (შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი, 2026 წლის 15 აპრილის ცვლილებები) ** კანონი და, შესაბამისად, უფლების აღების ვალდებულება აღარ ვრცელდება შემდეგ პირებზე:
- სპეციალური ბინადრობის მფლობელები, თუ ნებართვა გაცემულია მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივით;
- საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ან სახელმწიფოს მონაწილეობით საწარმოში დასაქმებულები;
- არარეზიდენტისთვის მომუშავეები, თუ საქმიანობა დაკავშირებულია მის საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობასთან. გამონაკლისი არ ვრცელდება თვითდასაქმებულზე, რომელსაც ქვეყანაში დასარჩენად ბინადრობის ნებართვა სჭირდება;
- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციაზე, რესტავრაციაზე ან რეაბილიტაციაზე მომუშავე პირები;
- საზოგადოებრივი ინტერესის პირებისა და I–III კატეგორიის საწარმოების ხელმძღვანელები და აუდიტის კომიტეტის წევრები.
თუ განმცხადებელი კანონით დადგენილ საგამონაკლისო კატეგორიაში ექცევა და მაინც ითხოვს უფლებას, სააგენტო განაცხადს განუხილველად ტოვებს და საფასური არ ბრუნდება. ამიტომ სანამ განაცხადს გააკეთებთ, ღირს გადაამოწმოთ, სჭირდება თუ არა უფლება საერთოდ.
**C5 ვიზა დისტანციურად მომუშავეებისთვის (უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, 2026 წლის 15 აპრილის ცვლილებით) ** უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში შემოვიდა ახალი C5 კატეგორიის ვიზა. იგი განკუთვნილია ტურისტული მიზნით შემომსვლელებისთვის, რომლებიც მუშაობენ მხოლოდ არარეზიდენტისთვის (მაგალითად, უცხოური კომპანიისთვის დისტანციურად).
- გაიცემა 5 წლამდე ვადით, მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით;
- ვრცელდება მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებზე;
C5 ვიზით ადგილობრივ ბაზარზე მუშაობა არ შეიძლება. ადგილობრივი კომპანიისთვის მუშაობა კვლავ შრომითი საქმიანობის უფლებას მოითხოვს.
**1 სექტემბრიდან ამოქმედებული ცვლილებები (უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ და შრომითი მიგრაციის შესახებ 2026 წლის 25 ივნისის ცვლილებები) **
- ჯარიმის გასაჩივრება გაძევებას აღარ აჩერებს. შრომითი იმიგრანტის მიერ საჯარიმო სანქციის გასაჩივრება არ აფერხებს გაძევების საკითხის განხილვას ან გადაწყვეტილების აღსრულებას. ეს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ცვლილებაა მარტის შემდეგ.
- დროებითი ყოფნის უფლების მქონე პირები. უცხოელთა კანონის მე-60 მუხლით დროებითი ყოფნის უფლების მქონე პირებზე შრომითი მიგრაციის კანონი აღარ ვრცელდება.
- სააგენტოს გადაწყვეტილებების გასაჩივრება 10 კალენდარულ დღეშია შესაძლებელი. გასაჩივრება გაძევებას ავტომატურად არ აჩერებს.
- D6 ვიზა. ეხება სკოლის, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებელში მოსწავლე არასრულწლოვნებს. გაიცემა 1 წლით და გრძელდება სკოლის დასრულებამდე ან სრულწლოვანებამდე. შეიძლება გაიცეს მშობლებზე და არასრულწლოვან და-ძმაზეც.
- სასწავლო ბინადრობა. ახლა მხოლოდ სრულწლოვნებს ეძლევა. დაემატა შეწყვეტის სამი საფუძველი: სტატუსის შეჩერებიდან 90 დღე, კრედიტების მესამედზე ნაკლები და 183+ დღე ქვეყნის გარეთ. სასწავლებელს ეკისრება სააგენტოს შეტყობინების ვალდებულება.
- მეუღლის ბინადრობა. ჯერ 1 წელი, შემდეგ ყოველ ჯერზე 2 წლით გაგრძელება, ჯამში 5 წლამდე. ამის შემდეგ ეძლევა მუდმივი ბინადრობა.
**რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ახლავე **
- გადაამოწმეთ, რომელ კატეგორიაშია თქვენი კომპანია reportal.ge-ზე. ამაზეა დამოკიდებული, სჭირდება თუ არა უცხოელ დირექტორს უფლება.
- ჩამოწერეთ ყველა უცხოელი თანამშრომელი და თითოეულისთვის დაადგინეთ, ჯერ კიდევ სჭირდება თუ არა უფლება, თუ ახალი გამონაკლისის ქვეშ ექცევა (დისტანციური მუშაობა, არარეზიდენტისთვის მუშაობა და სხვ.).
- ვინც ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ ძველი რეგისტრაციით მუშაობს, დაიწყეთ პროცედურა ახლავე. 2027 წლის 1 იანვრამდე საჭიროა როგორც უფლება, ისე ბინადრობა, ხოლო უფლების გაცემას 30 დღემდე სჭირდება.
- მოკლევადიანი ვიზიტები (კონსულტანტები, ტრენერები, ტექნიკური პერსონალი) სისტემაში დაარეგისტრირეთ მუშაობის დაწყებამდე და დაელოდეთ სააგენტოს დადასტურებას. ადევნეთ თვალყური, რომ წლიური 4 თვე არ გადააჭარბონ.
- სფეროს შეცვლისას ახალი უფლება მოითხოვეთ. ხელფასის, გრაფიკის ან თანამდებობის დონის ცვლილება მიუთითეთ სისტემაში.
- კვოტის შეთანხმება დაგეგმეთ ნებართვის მოთხოვნამდე მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე.
_სტატია საინფორმაციო ხასიათისაა და ასახავს 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობას. _

ᲓᲘᲢᲝ ᲮᲕᲘᲩᲘᲐ
November 5, 2026









