VASP: სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი

სრული ჩამონათვალი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანების მიხედვით, დანართების მითითებით. დანართი ეხმარება პაკეტის სისრულის შემოწმებას წარდგენამდე.
დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს დედნის ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლის სახით. უცხო ქვეყანაში გაცემულ დოკუმენტს დამატებით სჭირდება აპოსტილი ან ლეგალიზაცია, თუ კანონმდებლობა სხვას არ ითვალისწინებს. ყველა უცხოენოვან დოკუმენტს თან უნდა ახლდეს ქართულ ენაზე სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.
მოსალოდნელი ცვლილებები. 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით ეროვნულ ბანკს განხილვაში აქვს №94/04 ბრძანების ცვლილების პროექტი, რომელიც სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების განმცხადებელს დამატებით დოკუმენტაციას მოსთხოვს და შემოაქვს კაპიტალისა და რისკების მართვის მოთხოვნები. პროექტები ჯერ მიღებული არ არის; დეტალები მე-8 თავშია.
1. სარეგისტრაციო ფორმები და მოსაკრებელი
- სრულად შევსებული სარეგისტრაციო ფორმა, დანართი №1;
- გასაწევი ვირტუალური აქტივის მომსახურების ჩამონათვალი, დანართი №2;
- წარმოდგენილი დოკუმენტაციის სარეგისტრაციო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის ცხრილი, დანართი №5;
- 5,000 ლარის სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი.
2. კორპორაციული სტატუსი და ბენეფიციარი მესაკუთრეები
- ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის პირდაპირი, არაპირდაპირი და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ, დანართი №4;
- ფიზიკური პირის შემთხვევაში, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- იურიდიული პირის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; არარეზიდენტისთვის, ამონაწერი შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოდან. ამონაწერი უნდა ასახავდეს ყველა ცვლილებას განაცხადის წარდგენის თარიღისთვის;
- სააქციო საზოგადოების შემთხვევაში დამატებით, ამონაწერი აქციათა რეესტრიდან;
- დოკუმენტაცია, რომელიც ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის საშუალებას იძლევა;
- განმცხადებელი კომპანიის ამონაწერი რეესტრიდან, ყველა ცვლილების ასახვით.
3. ადმინისტრატორების კვალიფიკაცია, რეპუტაცია და ფინანსური მდგომარეობა
- ინფორმაცია თითოეული ადმინისტრატორის შესახებ, დანართი №3;
- ადმინისტრატორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ადმინისტრატორისა და საქმიანობის მართვაზე პასუხისმგებელი პირების განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს შესაბამისი ცოდნის ან გამოცდილების არსებობას;
- ნასამართლობის ცნობები ადმინისტრატორზე და მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრეებზე, ყველა ქვეყნიდან, რომლის რეზიდენტიც პირი ბოლო 10 წელიწადში იყო. ქართული ცნობა არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ძველი, უცხოური, 60 კალენდარულ დღეზე;
- ინფორმაცია ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებში წილობრივი მონაწილეობის შესახებ: კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და წილის მოცულობა;
- ინფორმაცია წარსული და მიმდინარე ბიზნესსაქმიანობისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროდან, მოვალეთა რეესტრიდან ან პირის მიერ მოწოდებული სახით;
- ინფორმაცია იმ ორგანიზაციების გადახდისუნარიანობის შესახებ, რომლებსაც პირი მართავდა ან რომლებშიც მნიშვნელოვან წილს ფლობდა ან ფლობს (გაკოტრება ან სააღსრულებო პროცესი). თუ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, წერილობითი დასტური.
4. ინფრასტრუქტურა, IT უსაფრთხოება და ტექნიკური აღჭურვილობა
- ინფორმაცია გამოსაყენებელი ვებგვერდის შესახებ და დოკუმენტი, რომელიც მასზე საკუთრების ან სარგებლობის უფლებას ადასტურებს, მისამართების მითითებით;
- აპლიკაციის დასახელება, განთავსების ადგილი, მწარმოებლის დასახელება და მწარმოებლის ვებგვერდის მისამართი;
- სათავო ოფისისა და ფილიალის ფართზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან. სათავო ოფისის მისამართი სარეგისტრაციო ფორმაში საკონტაქტო მისამართად უნდა მიეთითოს;
- დეტალური ინფორმაცია ფილიალების შესახებ, დანართი №7;
- ვიდეომეთვალყურეობის დოკუმენტაცია, მხოლოდ ნაღდი ფულით ურთიერთგადაცვლის შემთხვევაში (გარდა თვითმომსახურების კიოსკისა): გარე პერიმეტრზე სისტემის დამონტაჟების აქტის ასლი და შიდა პერიმეტრზე (საოპერაციო ფართი და სალარო) კამერების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შეძენის დოკუმენტი, დამონტაჟების დოკუმენტი ან ფოტომასალა;
- ელექტრონული სისტემის მწარმოებლის ამონაწერი შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოდან; სისტემის დასახელება; მწარმოებლის ვებგვერდის მისამართი; ის ადგილი, სადაც განთავსდება ინფორმაცია მომხმარებელთა მიმართ ვალდებულებებისა და ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ.
ელექტრონული სისტემის ფუნქციონალი დაგეგმილ მომსახურებას უნდა შეესაბამებოდეს. დემონსტრირება ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის პროცესის დასრულებამდე უნდა მოხდეს.
5. ბიზნესგეგმა, ოპერაციების სქემა და პარტნიორები
- მომსახურების სქემატური აღწერა ვირტუალური აქტივების ჩამონათვალით. სქემა უნდა აღწერდეს ინფორმაციის, ვირტუალური აქტივისა და ფულადი სახსრების მოძრაობას მომსახურების დაწყებიდან დასრულებამდე, ყველა მონაწილის მითითებით: აქტივის გადამცემი და მისი პროვაიდერი, მიმღები და მისი პროვაიდერი (ექვაირერისა და სუბ-ექვაირერის ჩათვლით), შუამავალი პროვაიდერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ინფორმაცია ეროვნული ბანკის ან უცხო ქვეყნის მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებულ ან რეგისტრირებულ ვირტუალური აქტივის და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შესახებ;
- ბიზნესგეგმა სულ მცირე მომდევნო 3 წლის ბიუჯეტის პროგნოზით. ის უნდა ადასტურებდეს, რომ კომპანიას აქვს შესაბამისი სისტემები, რესურსები და პროცედურები, და რომ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელებს;
- ორგანიზაციული სტრუქტურა: სათავო ოფისის ქვედანაყოფები ფუნქციებისა და დასაქმებულთა რაოდენობის მითითებით; სტრუქტურული განვითარების გეგმა საქმიანობის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში; ფილიალებით მუშაობის შემთხვევაში, ფილიალების ფუნქციების აღწერა.
სქემების რაოდენობა. თუ რამდენიმე მომსახურებას გეგმავთ, თითოეულზე ცალკე სქემა უნდა წარადგინოთ. თუ სქემები ვირტუალური აქტივების მიხედვით განსხვავდება, სქემები აქტივების ჭრილში უნდა დაიყოს; ერთნაირი სქემების დაჯგუფებისას მიუთითეთ შესაბამისი აქტივების ჩამონათვალი. თუ სქემაში ჩართულია უცხო ქვეყნის ვირტუალური აქტივის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, წარადგინეთ ასეთი პროვაიდერების სია მათი ზედამხედველი ორგანოების მითითებით.
6. AML/CFT შესაბამისობა
- შიდა ინსტრუქცია (პოლიტიკა-პროცედურა) შესაბამისობის კონტროლის სისტემის დასანერგად, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ორგანიზაციული რისკის შეფასების დოკუმენტის ჩათვლით;
- განცხადება, რომლითაც კომპანია ადასტურებს, რომ შესაბამისობის კონტროლის სისტემა დანერგილი აქვს ან საქმიანობის დაწყებამდე დანერგავს, დანართი №8.
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შიდა ინსტრუქციის ნაცვლად ან დამატებით მოითხოვოს ინფორმაცია კითხვარის ფორმით; კითხვარი მის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. ამ დოკუმენტაციას ბანკი კომპონენტების სისრულის კუთხით განიხილავს, თუმცა რისკზე დაფუძნებული მიდგომით შინაარსობრივი შემოწმების უფლებაც აქვს.
7. Travel Rule - გადაცემის თანმხლები ინფორმაცია
შესაბამისობა 2027 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოთ (№253/04 ბრძანება). ინფორმაცია ტრანზაქციას მისი შესრულების ყველა ეტაპზე თან უნდა ჰქონდეს.

8. მოსალოდნელი ცვლილებები
ეს თავი აღწერს ეროვნული ბანკის განხილვაში არსებულ ნორმატიულ პროექტებს 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით. პროექტები ჯერ მიღებული არ არის და ძალაში არ შესულა. 1-7 თავები აღწერს მოქმედ მოთხოვნებს.
8.1. დამატებითი დოკუმენტაცია სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზებისთვის
თუ განმცხადებელი გეგმავს სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების მომსახურებას, 1-6 თავებში ჩამოთვლილთან ერთად დამატებით წარსადგენი იქნება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 6 მარტის №52/04 ბრძანების შესაბამისად:
- კორპორაციული მართვის დოკუმენტაცია;
- საზედამხედველო კაპიტალთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერის ჩათვლით;
- აუდიტორული დასკვნა და, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, სხვა დაკავშირებული დოკუმენტები;
- შეთავაზების დოკუმენტი;
- ამ დოკუმენტაციის შესაბამისობის ცხრილი.
8.2. მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი
დღეს მოქმედი წესით მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა არ არსებობს. პროექტით ის მომსახურების სახეობის მიხედვით განისაზღვრება:
- ურთიერთგადაცვლა (თვითმომსახურების კიოსკის ჩათვლით) ან გადაცემა - 500,000 ლარი
- სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება - 2,000,000 ლარი
- სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურება - 1,000,000 ლარი
ერთზე მეტი მომსახურებისას მოქმედებს ყველაზე მაღალი ოდენობა. კაპიტალის სულ მცირე 75% პირველადი კაპიტალის ელემენტებით უნდა იყოს დაფარული. ფიზიკური პირისგან სუბორდინირებული ან კონვერტირებადი ვალის მოზიდვა აკრძალულია, გარდა პარტნიორის, აქციონერის ან ბენეფიციარი მესაკუთრის შემთხვევისა.
8.3. რისკების მართვის ჩარჩო და აუდიტორული დასკვნა
პროვაიდერს მოეთხოვება საოპერაციო, კიბერუსაფრთხოების, თაღლითობისა და ტექნოლოგიური მდგრადობის რისკების მართვის დოკუმენტირებული ჩარჩო, მათ შორის:
- ბიზნესუწყვეტობის (BCP) და IT ინფრასტრუქტურის აღდგენის (DRP) გეგმები, სულ მცირე წელიწადში ერთხელ ტესტირებით;
- შეღწევადობის ტესტირება ყოველწლიურად კრიტიკულ სისტემებზე, დანარჩენებზე სულ მცირე 3 წელიწადში ერთხელ, ასევე ყოველი მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ;
- სისუსტეებზე სკანირება წელიწადში ორჯერ;
- ჩარჩოს ყველა ვერსიის შენახვა მომსახურების შეწყვეტიდან 8 წლის განმავლობაში.
რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში საჭირო იქნება ჩარჩოსთან შესაბამისობის დამადასტურებელი დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნა. ეს რეგისტრაციის შემდგომი დოკუმენტია, თუმცა მისი მომზადება განაცხადის ეტაპზევე უნდა დაიგეგმოს.
8.4. მომსახურების ჩამონათვალის ცვლილება (დანართი №2)
- პირველადი შეთავაზება და პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული მომსახურება ცალკე კატეგორიებად გამოიყოფა;
- „ბირჟის ადმინისტრირება“ იცვლება ტერმინით „სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება“;
- ურთიერთგადაცვლა იყოფა სამ ქვეკატეგორიად: ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში, ფინანსურ ინსტრუმენტში.
8.5. მნიშვნელოვანი წილის განმარტების გაფართოება
პროექტით მნიშვნელოვან წილად ჩაითვლება ასევე პროვაიდერზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, კაპიტალში ან ხმის უფლებაში წილის ოდენობის მიუხედავად. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ მე-2 და მე-3 თავებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია პირთა უფრო ფართო წრეზე გავრცელდება.
8.6. ვადები
- მომხმარებელთა პრეტენზიების წარმოება და ანგარიშგება - 2027 წლის 1 იანვარი
- რისკების მართვის ჩარჩო, უკვე რეგისტრირებულებისთვის - 2027 წლის 1 ივლისი
- კაპიტალის მოთხოვნა, უკვე რეგისტრირებულებისთვის - 2027 წლის 1 სექტემბერი
- Travel Rule - 2027 წლის 31 დეკემბერი
- ლიკვიდაციის წესი - 2028 წლის 1 სექტემბერი
გარდამავალი ვადები მხოლოდ ბრძანების ამოქმედებამდე რეგისტრირებულ პროვაიდერებს ეხება. ამასთან, პროექტით ბრძანება არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებებზე. შესაბამისად, განაცხადის შეტანის დროს დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს.
სამართლებრივი შენიშვნა. ჩამონათვალი აქტუალურია 2026 წლის 24 აგვისტოს მდგომარეობით და ზოგადი ხასიათისაა. წარდგენამდე გადაამოწმეთ №94/04 ბრძანების მოქმედი რედაქცია.
ჯასთის ლიგის სერვისების სრული ჩამონათვალი იხილეთ სერვისების გვერდზე. რეგისტრაციაზე გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი დამოუკიდებლად იღებს. ჩვენი ამოცანაა, განაცხადი მას სრული, თანმიმდევრული და დასაბუთებული სახით მივიდეს.
თუ VASP-ად რეგისტრაციას განიხილავთ ან უკვე მიიღეთ ხარვეზის წერილი, დაგვიკავშირდით
დაკავშირებული მასალები

ᲓᲘᲢᲝ ᲮᲕᲘᲩᲘᲐ
August 24, 2026









