როგორ დავიწყოთ ბიზნესი საქართველოში

საქართველოში ბიზნესის დაწყებას გეგმავთ? გთავაზობთ ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმძღვანელოს, რომელიც დაგეხმარებათ ბიზნესის დაწყებისას სხვადასხვა სამართლებრივი და ადმინისტრაციული პროცესების სწორად წარმართვაში. საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციამდე რამდენიმე ეტაპის გავლაა საჭირო. მოდით განვიხილოთ მათგან ყველაზე აქტუალური საკითხები.
რატომ უნდა დავიწყოთ ბიზნესი საქართველოში?
საქართველო მეწარმეებისთვის საკმაოდ მიმზიდველია ბიზნესისადმი მეგობრული დამოკიდებულებითა და სამართლებრივი გარემოთი. 2019 წელს მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ (Doing Business) რეიტინგში საქართველომ უპრეცედენტოდ დიდ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა.
ბიზნესის დაწყების მიზნებისთვის დაბალი საგადასახადო განაკვეთები და მოქნილი სარეგისტრაციო პოლიტიკა დამატებითი უპირატესობაა. ყველაფერთან ერთად, ქვეყანა გთავაზობთ წვდომას მზარდ ბაზარზე, როგორც ევროპის, ისე აზიის მიმართულებით
ბიზნესის კეთების უპირატესობები საქართველოში
საქართველოს ბიზნესისთვის მეგობრული გარემო მისი წარმატების საფუძველია. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია სწრაფად სრულდება და გარკვეული ფორმებისთვის არ საჭიროებს საწესდებო კაპიტალს.
თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ევროკავშირის, აზიის ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის ბაზრებთან ფართო შესაძლებლობებს ქმნის ინვესტორისთვის. ქვეყანაში არსებული სტაბილური ეკონომიკური დინამიკა კი ამცირებს რისკებს.
ინვესტიციის შესაძლებლობები საქართველოში
საქართველოს კანონმდებლობა, ინვესტორის უფლებრივი მდგომარეობის დაცვის საშუალებით ცდილობს ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას. მოქმედი საგადასახადო შეღავათების დამსახურებით ინვესტიციის განხორციელება შესაძლებელია მრავალ სფეროში, იქნება ეს სამშენებლო, სამრეწველო, ტექ და კრეატიული, თუ სხვა სფეროები.
თავისუფალი, საერთაშორისო და ვირტუალური ზონებისთვის მოქმედი დამატებითი შეღავათები კი ქმნის ხელსაყრელ პირობებს ბიზნესის ზრდისთვის.
ბიზნესის სექტორები მაღალი ზრდის პოტენციალით
საქართველოში, ინვესტირების მიზნებისათვის, რამდენიმე ინდუსტრია გამოირჩევა მნიშვნელოვანი პერსპექტივითა და მიმზიდველობით. ეს სფეროები განვითარების ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს ინვესტორებს. ქვემოთ მოცემულია მზარდი ინდუსტრიების მიმოხილვა:
- ტურიზმი: საქართველოს ტურისტული სექტორი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა, რომელმაც ქვეყანას 2018 წელს $3.4 მილიარდი შემოსავალი მოუტანა.
- სოფლის მეურნეობა: საქართველოს სოფლის მეურნეობა გამოირჩევა ღვინისა და თხილის ექსპორტით, რაც ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. სახელმწიფო სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სხვადასხვა სუბსიდიასა და პროგრამას სთავაზობს ინვესტორებს, რაც ამ სფეროს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
- IT და სტარტაპები: საქართველოს IT სექტორი ბოლო წლებში სწრაფად ვითარდება, რასაც ხელს უწყობს სპეციალური საგადასახადო შეღავათები, განსაკუთრებით ვირტუალურ, თავისუფალ და საერთაშორისო ზონებისთვის მოქმედი შეღავათები..
- ლოჯისტიკა: ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა — საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, რაც ლოჯისტიკის სექტორს განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს. შავი ზღვის პორტები, რკინიგზისა და გზების ინფრასტრუქტურა ქვეყანას მნიშვნელოვან სატრანსპორტო ჰაბად აქცევს. თავისუფალი სამრეწველო ზონები, სადაც საგადასახადო შეღავათები მოქმედებს, ამარტივებს ლოჯისტიკური ოპერაციების განხორციელებას.
ეს სფეროები მუდმივად იზიდავს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორებს, რაც საქართველოში ბიზნესს გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივას ანიჭებს.
ბიზნესის დაწყების სამართლებრივი წინაპირობები საქართველოში
საქართველოში ბიზნესის დაწყებამდე აუცილებელია სამეწარმეო ფორმის განსაზღვრა, რომელიც თქვენს საქმიანობასა და მიზნებს შეესაბამება. სწორად შერჩეული ფორმა განსაზღვრავს თქვენს საგადასახადო ვალდებულებებსა და სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
საქართველოში ყველაზე გავრცელებული ფორმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა (შპს).
შპს-ის ქონებრივი დამოუკიდებლობა, განაპირობებს საზოგადოების პასუხისმგებლობას მხოლოდ შპს-ის საკუთრებაში არსებული ქონების ფარგლებში,, რაც იცავს დამფუძნებლების პირად აქტივებს.
ინდივიდუალური მეწარმის ფორმა გამოირჩევა სიმარტივითა და ნაკლები ხარჯით, რადგან საგადასახადო აღრიცხვა და ბიუროკრატიული პროცედურები მინიმალურია, თუმცა შპს-ის ფორმისგან განსხვავებით ინდივიდუალური მეწარმის პასუხისმგებლობა ვრცელდება მთელ მის ქონებაზე.
უფრო რთული ან/და მსხვილი ბიზნესებისთვის შესაძლებელია სააქციო საზოგადოების (სს) შექმნა, რომელიც გულისხმობს შედარებით რთულ სტრუქტურას.
ასევე უცხოური საწარმოებისთვის შესაძლებელია ფილიალის რეგისტრაცია, საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით.
როგორ დავარეგისტრიროთ ბიზნესი საქართველოში
საქართველოში მეწარმე სუბიექტის დაარსებისა და ფორმირების პროცესისთვის გადასადგმელი ძირითადი სამართლებრივი ნაბიჯებია:
- განსაზღვრეთ სამეწარმეო ფორმა, მაგალითად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), ინდივიდუალური მეწარმე, სააქციო საზოგადოება ან სხვა ტიპის სუბიექტი, თქვენი ბიზნესის მიზნების გათვალისწინებით.
- მეწარმე სუბიექტისათვის შეარჩიეთ უნიკალური სახელწოდება: შეამოწმეთ შერჩეული სახელწოდება სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა მონაცემთა ბაზაში, რათა დარწმუნდეთ, რომ ის უკვე არაა რეგისტრირებული.
- მოამზადეთ საჭირო დოკუმენტაცია: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უნდა წარედგინოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია, მათ შორის, დამფუძნებელთა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაცია, კრების ოქმი ან პარტნიორის გადაწყვეტილება, სადამფუძნებლო შეთანხმება, წესდება და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის მიზნებისათვის.
- წარადგინეთ განაცხადი და გადაიხადეთ მოსაკრებელი: მიმართეთ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის მოთხოვნით. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა ვადაში, რაც ერთის მხრივ დამოკიდებულია დამფუძნებლის სურვილსა და მეწარმე სუბიექტის ფორმაზე, ხოლო მეორე მხრივ მომსახურების საფასურზე. კერძოდ, მეწარმე სუბიექტის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) რეგისტრაციის საფასური ერთი სამუშაო დღის ვადაში შეადგენს 200 ლარს, იმავე დღეს 400 ლარს. ინდივიდუალური მეწარმისთვის რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 26 ლარს. დაჩქარებული პროცედურა, იმავე დღეს რეგისტრაცია, კი 75 ლარს.
მეწარმე სუბიექტის სახელწოდების რეგისტრაცია და იურიდიული ასპექტები
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მეწარმე სუბიექტის სახელწოდება უნდა იყოს უნიკალური და არ უნდა ემთხვეოდეს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უკვე რეგისტრირებულ სხვა მეწარმე სუბიექტს.
სადამფუძნებლო შეთანხმებაში სახელწოდება უნდა მიეთითოს როგორც ქართული, ისე ლათინური დამწერლობით.
მეწარმე სუბიექტის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ფორმა
მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის მიზნებისათვის სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ნებისმიერი დოკუმენტი უნდა წარედგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით. წესდებაზე, სადამფუძნებლო შეთანხმებასა და კრების ოქმზე (ასევე, პარტნიორის გადაწყვეტილებაზე) ყველა ხელმომწერი სუბიექტის ხელმოწერის ნამდვილობა უნდა დამოწმდეს ან სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ან საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნოტარიუსის მიერ.
ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია შესაძლოა მომზადდეს როგორც ქართულ, ისე ნებისმიერ სხვა არასახელმწიფო ენაზე, ხოლო დოკუმენტაცია, რომელიც არ არსი სახელმწიფო ენაზე შესრულებული ექვემდებარება თარგმნასა და სათანადო წესით დამოწმებას საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნოტარიუსის მიერ. გადასახადები და ფინანსური ვალდებულებები
საქართველოში საგადასახადო სისტემის მიზანს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების მოწესრიგებასთან ერთად, წარმოადგენს ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნა.
ქვემოთ მოცემულია მეწარმე სუბიექტის მიმართ მოქმედი საგადასახადო პოლიტიკის მთავარი ასპექტები:
- მოგების გადასახადი: მეწარმე სუბიექტები, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან, ზოგადად მოგების გადასახადის სახით 15%-იანი განაკვეთით იხდიან.
- დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ): დღგ 18%-იანი განაკვეთით ვრცელდება იმ ბიზნესებზე, რომელთა წლიური ბრუნვა 100 000 ლარს აღემატება, რაც მათ ავალდებულებს დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირებას. თუ ბრუნვა ამ ზღვარს ქვემოთაა, რეგისტრაცია ნებაყოფლობითია. გარდა ამისა, გარკვეული საქონელი და მომსახურება, მაგალითად, საგანმანათლებლო მასალები, სამედიცინო აღჭურვილობა და სხვა გათავისუფლებულია დღგ-საგან, რაც ამ სფეროებში ხარჯებს ამცირებს.
- საშემოსავლო გადასახადი: ფიზიკური პირების, მათ შორის ინდივიდუალური მეწარმეების, შემოსავალი ძირითადად 20%-ით იბეგრება, ხოლო სწორი საგადასახადო სტატუსის შერჩევისას, ინდივიდუალური მეწარმის საშემოსავლო გადასახადი შემოიფარგლოს მხოლოდ 1%-ით ან შესაძლოა საერთოდ გათავისუფლდეს საგადასახადო ტვირთისგან. ასევე, გარკვეული კატეგორიები განსხვავებულ განაკვეთებს ექვემდებარება. მაგალითად, ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავალი, რეგისტრაციის შემთხვევაში შემოიფარგლება 5%-ით.
**სხვა გადასახადები: **
- აქციზი ვრცელდება სპეციფიკურ პროდუქტებზე, როგორიცაა თამბაქო, ალკოჰოლი თუ ავტომობილები, განაკვეთით, რომელიც პროდუქტის ტიპზეა დამოკიდებული.
- იმპორტის გადასახადი განისაზღვრება საქართველოში შემოტანილი საქონლის მიხედვით, ხოლო ექსპორტი გადასახადისგან თავისუფალია.
- ქონების გადასახადი, როგორც ადგილობრივი გადასახადი, არ აღემატება ქონების ღირებულების 1%-ს და დამოკიდებულია მფლობელის სტატუსსა (ფიზიკური თუ იურიდიული პირი) და ქონების ტიპზე.
გჭირდებათ თუ არა ბიზნესისთვის ლიცენზია/ნებართვა?
საქართველოში ბიზნესის უმეტესობისთვის საკმარისია მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია, და დამატებითი ნებართვა ან ლიცენზია არაა საჭირო. თუმცა, გარკვეული საქმიანობისთვის, როგორიცაა ჯანდაცვა ან მშენებლობა, აუცილებელია სპეციალური ნებართვის ან ლიცენზიის მიღება.
ნებართვა ძირითადად გარკვეულ ქმედებას ან ობიექტთან დაკავშირებულ უფლებას ეხება, რომლის გადაცემაც შესაძლებელია. ხოლო ლიცენზია გულისხმობს საქმიანობის განხორციელების უფლებას, რომელიც მკაცრი პირობების დაკმაყოფილებას მოითხოვს. სამართლებრივი დარღვევების თავიდან ასაცილებლად, ბიზნესის დაწყებამდე გადაამოწმეთ თქვენი საქმიანობისთვის დადგენილი მოთხოვნები.
ძირითადი საქმიანობები, რომლებიც საჭიროებს ნებართვას:
- მშენებლობა
- ნარჩენების იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი.
- ფარმაცევტული წარმოება და აფთიაქის საქმიანობა.
ძირითადი საქმიანობები, რომლებიც საჭიროებს ლიცენზიას:
- სამედიცინო საქმიანობა
- ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის წარმოება, გადაცემა და განაწილება.
- საბანკო და დაზღვევის საქმიანობა.
გავრცელებული სამართლებრივი შეცდომები
ბიზნესის დაწყებისას მნიშვნელოვანია სამართლებრივი და ადმინისტრაციული რისკების მინიმუმამდე დაყვანა. სამეწარმეო ფორმის არასწორად შერჩევა, ზრდის საგადასახადო ვალდებულებებს და შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური ზარალი.
ბუღალტრული აღრიცხვის უგულებელყოფა ან გადასახადების გადახდის ვადების დარღვევა იწვევს ჯარიმების დაკისრებას და სხვა სახის სამართლებრივ გართულებებს. ასევე, სადამფუძნებლო დოკუმენტაციის არასრულყოფილმა ან არაზუსტმა მომზადებამ, განსაკუთრებით შესაძლოა გამოიწვიოს რეგისტრაციის პროცესის შეფერხება.
როგორ დაგეხმარებათ ჯასთის ლიგა თქვენი ბიზნესის დაწყებაში
გჭირდებათ მხარდაჭერა? ჯასთის ლიგა უზრუნველყოფს თქვენთვის რეგისტრაციისა და სხვა იურიდიული საკითხების გამარტივებას. ჩვენი მხარდაჭერა წარმოადგენს საიმედო საფუძველს თქვენი ბიზნესის წარმატებული დასაწყისისა და განვითარებისთვის.

ᲜᲘᲙᲝᲚᲝᲖ ᲨᲣᲑᲐᲨᲕᲘᲚᲘ
December 23, 2025









