უცხოელი მეწარმეების ხუთი ყველაზე ხშირი სამართლებრივი შეცდომა საქართველოში

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებს იკავებს ბიზნესისთვის ხელსაყრელი საკანონმდებლო გარემოსა და ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით. ბიზნესის რეგისტრაციის მოქნილი პროცედურები, ლიბერალური სავიზო პოლიტიკა და ხელსაყრელი საგადასახადო სისტემა უცხოელ მეწარმეებს განსაკუთრებით იზიდავს.
აღნიშნული სიმარტივე თავის მხრივ გარკვეულ უარყოფით შედეგებსაც წარმოშობს. ის მოქნილი და ეფექტური რეგულაციები, რომლებიც ქართულ კანონმდებლობაში ბიზნესის ოპერირებისთვის არსებობს, მეწარმეებში ხშირად კიდევ უფრო ნაკლებად მკაცრი ვალდებულებების ილუზიას ქმნის. მეწარმეები უშვებენ იმგვარ შეცდომებს, რომელთაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ბიზნესის სამართლებრივ მდგომარეობას, ფინანსებსა და ინტელექტუალურ საკუთრებას.
ზემოაღნიშნული შეცდომებიდან ხუთ ყველაზე გავრცელებულ და რისკის შემცველ სამართლებრივ შეცდომას კი, რომელსაც უცხოელი მეწარმეები საქართველოში უშვებენ, სწორედ წინამდებარე ბლოგში წარმოგიდგენთ.
ბიზნესის სახელის რეგისტრაციისა და მისი დაცვის უგულებელყოფა
მეწარმე სუბიექტებისთვის სასურველი კონკრეტული სახელწოდებით იურიდიული პირის რეგისტრაცია ემსახურება მხოლოდ ბიზნესის ოპერირებისთვის შესაბამისი სამართლებრივი ფორმის განსაზღვრას და არ გულისხმობს ამ სახელწოდებაზე ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების წარმოშობას.
-
როდესაც საჯარო რეესტრში ვარეგისტრირებთ ბიზნესს სახელწოდებით, მაგალითად შპს „ბიზნეს ლო ჯორჯია“ (Business Law Georgia LLC), რეალურად ჩვენ ვაფუძნებთ მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, როგორც იურიდიული პირის კონკრეტულ სამართლებრივ ფორმას.
-
მხოლოდ ზემოაღნიშნული პროცედურით არ ხდება ბრენდის, როგორც სახელწოდების Business Law Georgia - ს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების წარმოშობა. ეს გულისხმობს, რომ სხვა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა, თუნდაც თქვენმა კონკურენტმა, შესაძლოა თქვენს მაგივრად თავისუფლად მოიპოვოს საკუთრების უფლება სახელზე Business Law Georgia, თუ მას სასაქონლო ნიშნად დაარეგისტრირებს. ამ კრიტიკული მოვლენის დადგომის შემთხვევაში, კონკურენტ მეწარმეს სრული უფლება ექნება მოითხოვოს რეგისტრირებული ნიშნის გამოყენებისგან თავის შეკავება. ამდენად, ბიზნესის მიერ წლების მანძილზე დაგროვებულ კაპიტალს და მის ფუნქციონირებას საფრთხე ექმნება მხოლოდ იმიტომ, რომ მისი დაფუძნების შემდეგ არ დარეგისტრირდა სასაქონლო ნიშანი.
აღნიშნული ეხება სარესტორნო, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისა თუ სხვა ტიპის ბიზნესის სახელს. ბიზნესის რეგისტრაციისგან განსხვავებით, რომელსაც საჯარო რეესტრი უზრუნველყოფს, ბრენდზე, როგორც ბიზნესის სახელწოდებაზე უფლებების მოპოვება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტის“ („Sakpatenti“) მიერ სრულდება.
საგადასახადო სისტემის სრულფასოვანი ცოდნა
მცირე ბიზნესის სტატუსი და მისთვის განსაზღვრული 1%-იანი ბრუნვის გადასახადი მისი სიმცირიდან გამომდინარე საკმაოდ მიმზიდველია მეწარმე ფიზიკური პირებისთვის, თუმცა ხშირად მისი გამოყენების პროცედურები არასწორად აღიქმება. ინდივიდუალური მეწარმეები ფიქრობენ, რომ აღნიშნული სტატუსი უნივერსალურია და მათზეც შესაძლოა ავტომატურად გავრცელდეს.
სინამდვილეში კი, ამ სპეციალური სტატუსის მიღებისთვის მკაცრი საკანონმდებლო წესებია განსაზღვრული:
- მცირე ბიზნესის სტატუსის მოპოვებამდე აუცილებელია ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირება
- ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის მოპოვების შემდეგ, საგადასახადო ორგანოსთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე შესაძლებელია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, ის საქმიანობები, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც საკანონმდებლო რეგულირებების შესაბამისად, ვერ შეძლებთ მცირე ბიზნესის სტატუსის მოპოვებას. აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ინდივიდუალური მეწარმედ რეგისტრირება არ გულისხმობს ავტომატურად მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებას. ამდენად, ზემოაღნიშნული პროცედურების უგულებელყოფის შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ საშემოსავლო გადასახადის გადახდა 20%-იანი განაკვეთით, ნაცვლად 1%-ისა, ან არასრული ინფორმაციის პირობებში, საგადასახადო ორგანოს ჯარიმების დაფარვა.
- დამატებით, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენი სამეწარმეო საქმიანობის ბრუნვა წლიურად 100 000 ლარს გადააჭარბებს, თქვენ წარმოგეშობათ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულებაც
დღგ გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი კი სრულად განსხვავდება და გამიჯნულია ერთმანეთისგან.
- საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ფიზიკური პირის შემოსავალი.
- დღგ გადასახადით მომსახურებისა და პროდუქტის მიწოდება.
დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციაზე განცხადება საგადასახადო ორგანოში აუცილებელია წარადგინოთ ფინანსური ბრუნვის 100 000 ლარზე გადაჭარბების მომენტიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. დღგ-ს გადამხდელად კი ჩაითვლებით იმ მომენტიდან, იმ დასაბეგრი ოპერაციის ჩათვლით, როდესაც თქვენი ბრუნვა 100 000 ლარს გადასცდა. დამატებით, დღგ გადასახადის გადახდის ვადებსა და სხვა კომპლექსურ დეტალებს კი შეგიძლიათ ჩვენს საიტზე არსებულ სხვა ბლოგებსა თუ სტატიებში დეტალურად გაეცნოთ.
ხელშეკრულებების ზეპირად გაფორმება
ბიზნესის ფუნქციონირებისას, მეწარმე სუბიექტები ხშირად არიდებენ თავს ყოველდღიური „ყოფითი“ გარიგებების წერილობით გაფორმებას. სამწუხაროდ, სამართლებრივი ურთიერთობის სიმარტივის, ან პირიქით, კომპლექსურობის თუ სხვა მიზეზების გამო, ბიზნესმენები შეთანხმებებს დებენ მხოლოდ ზეპირსიტყვიერად და ფიქრობენ, რომ „ხელის ჩამორთმევა“ საკმარისია პოტენციური სახელშეკრულებო რისკების დაზღვევისთვის.
- სინამდვილეში კი, სამართლებრივი ურთიერთობის ყოველი მხარის მიერ ხელმოწერილი, წერილობითი ხელშეკრულება ერთ-ერთ ძირითად და უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს. გაფორმებული კონტრაქტი ადასტურებს თუ რა საგანზე, როდის, როგორ და რა კომერციული პირობებით შეთანხმდნენ მხარეები, ეს კი აზღვევს ბიზნესის ფინანსურ და სამართლებრივ რისკებს. მეწარმეებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ერთი შეხედვით პატარა გარიგებაც შესაძლოა კომპანიისთვის დიდ თავის ტკივილად იქცეს, თუ ის წერილობითი ფორმით არ იქნება დადასტურებული.
- ეს რისკი განსაკუთრებით კრიტიკულია, როდესაც იგნორირებულია შრომითი კანონმდებლობა. საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, სავალდებულოა ითხოვს წერილობით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები, რომლებიც განსაზღვრავენ სამუშაო პირობებს, ანაზღაურებასა და სხვა პირობებს. წერილობით გაუფორმებელი შრომითი ხელშეკრულება შესაძლოა, შრომითი ინსპექციისა თუ საგადასახადო ორგანოს მიერ საწარმოსთვის სანქცირების საფუძვლადაც იქცეს, ან წარმოშოს დამსაქმებლისათვის არასასურველი შრომითი დავა სასამართლოში.
კომპანიისა და პირადი ფინანსების აღრევა
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეცდომაა არასათანადო ფინანსური მენეჯმენტი. ბევრი მეწარმე კომპანიის საბანკო აქტივებს საკუთარი პირადი ფინანსების ნაწილად განიხილავს, რაც გამოიხატება მათ შორის პირადი საჭიროებებისთვის კომპანიის/ბიზნესის თანხებით სარგებლობა.
იმისათვის რომ თავიდან იქნეს აცილებული როგორც პირადი დაბნეულობა, ისე კომპანიის წინააღმდეგ საგადასახადო ორგანოს პოტენციური პრეტენზიები, აუცილებელია კორპორატიული საბანკო ანგარიშის გახსნა და სახსრების მხოლოდ კომპანიის მიზნებისთვის გამოყენება.
- ზემოაღნიშნული საკითხი განსაკუთრებით საინტერესოა შპს-სთვის (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება). პარტნიორთა დაზღვეული პასუხისმგებლობის პირობებში ოპერირებად ბიზნესს, მისი სამართლებრივი ფორმის შინაარსიდან გამომდინარე უნდა ჰქონდეს ის ბერკეტი, რომელიც მფლობელის პირად აქტივებს ბიზნეს-ვალებისგან გამიჯნავს.
- ინდივიდუალური მეწარმისთვის (ი/მ), მფლობელს უკვე აქვს შეუზღუდავი პირადი პასუხისმგებლობა. თუმცა, პირადი და ბიზნესისთვის განკუთვნილი თანხების აღრევა შეუძლებელს ხდის საგადასახადო ვალდებულებების (განსაკუთრებით მცირე ბიზნესის სტატუსის პირობებში) ზუსტად გამოთვლას, რაც საგადასახადო აუდიტის დროს შეიძლება პირისთვის დაჯარიმების საფუძველი გახდეს.
დაუცველი ინტელექტუალური საკუთრება
პირველ თავში განხილული კომპანიის სახელის, როგორც სასაქონლო ნიშანის დაცვის გარდა, მეწარმეები ხშირად უგულებელყოფენ ბიზნესის სხვა, და არანაკლებ მნიშვნელოვან ინტელექტუალურ საკუთრებას. კომპანიის ყველაზე ღირებული აქტივები ხშირად შესაძლოა არ იყოს ფიზიკური. ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობა საქართველოში მოიცავს პროგრამული კოდის, უნიკალური ბიზნეს კონცეფციების, პროდუქტის დიზაინის, კრეატიული კონტენტისა და სხვ. დაცვას.
- მაგალითად, დეველოპერის მიერ კომპანიისთვის აპლიკაციის შექმნის შემთხვევაში, მხარეებს შორის მომსახურებისა და კომერციული პირობების არასრულყოფილი შეუთანხმებლობის გამო, შესაძლოა სადაო გახდეს აპლიკაციის კოდებზე საავტორო ქონებრივი უფლებები.
- კომპანიის ლოგოსა და მის დიზაინზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების რეგისტრირებითა და სასაქონლო ნიშნის დაცვით საქპატენტში, თავიდან აირიდებთ ბიზნესის იდენტობის მითვისებას კონკურენტთა მიერ .
დასკვნა
უცხოელი მეწარმეების მიერ საქართველოში ბიზნეს-საქმიანობა წარმატების პერსპექტივებს ქმნის. ეს საკმაოდ კომფორტული მაგრამ კომპლექსური გზა კი როგორც დასაწყისში, ასევე მთელი პროცესების განმავლობაში, საჭიროებს პროფესიონალურ სამართლებრივ კონსულტაციასა და დეტალურ იურიდიულ ზედამხედველობას პოტენციური რისკებისა და ბიზნესის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად.
ამ საკითხზე დეტალური კონსულტაციისთვის კი მოგვმართეთ ელ.ფოსტაზე: contact@justiceleague.ge ან დაგვიკავშირდით მობ: +995 598 553 429.

ᲔᲚᲔᲜᲔ ᲯᲝᲮᲐᲠᲘᲫᲔ
December 23, 2025









