საერთაშორისო კომპანიის და ინოვაციური სტარტაპის სტატუსი

საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ციფრული სერვისების სფეროში მოღვაწე ბიზნესებისთვის. აღნიშნული ტენდენციის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ქვეყანაში მოქმედი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმებია.
დღესდღეობით, ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ბიზნესებს შეუძლიათ ისარგებლონ ორი მთავარი შესაძლებლობით და მოიპოვონ საერთაშორისო კომპანიის ან ინოვაციური სტარტაპის სტატუსი.
თუმცა, ამ სტატუსების მოპოვება საკმაოდ კომპლექსურ კრიტერიუმებთან და რეგულაციებთან არის დაკავშირებული. ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ, თუ რას გულისხმობს თითოეული მათგანი, რა შეღავათებს იძლევა და რა ეტაპების გავლა მოუწევს ბიზნესს მათ მისაღებად.
ვის ეხება და რა არის საერთაშორისო კომპანიის სტატუსი?
საერთაშორისო კომპანია არის საქართველოს ბიზნესი, რომელიც ახორციელებს მთავრობის მიერ ნებადართულ საქმიანობებს (ძირითადად IT, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, ციფრული მომსახურება და ვებ-ტექნოლოგიები) ვებ-ტექნოლოგიები) და შემოსავალს მხოლოდ ამ საქმიანობიდან იღებს.
სტატუსის მოსაპოვებლად, ბიზნესმა უნდა დააკმაყოფილოს რამდენიმე მნიშვნელოვანი პირობა:
- 2-წლიანი გამოცდილება: საწარმოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
- რეალური ეკონომიკური საქმიანობა: კომპანიამ საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოში, კერძოდ, მას უნდა ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები (ადამიანური რესურსი) და გასწიოს საოპერაციო ხარჯები ქვეყნის შიგნით;
- მომსახურების ექსპორტი: სავალდებულოა, რომ კომპანია მომსახურებას უწევდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ ან მართვის ადგილის მქონე პირებს.
აღსანიშნავია, რომ სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს მიიღოს სხვა, თანმდევი შემოსავალიც, თუმცა ის წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 2%-ს.
საგადასახადო შეღავათები
სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, საგადასახადო ტვირთი კომპანიისთვის რადიკალურად მცირდება. საერთაშორისო კომპანიები სარგებლობენ შემდეგი შეღავათებით:
- საშემოსავლო გადასახადი: დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი (ხელფასი) იბეგრება მხოლოდ 5%-ით, სტანდარტული 20%-ის ნაცვლად;
- მოგების გადასახადი: კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთი მცირდება 15%-დან 5%-მდე;
- დივიდენდი: გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან საერთოდ არ იბეგრება (0%) და არ ჩაირთვება მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში;
- ქონების გადასახადი: კომპანია გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან (გარდა მიწისა), თუ ეს ქონება ნებადართული საქმიანობისთვის გამოიყენება.
ვის ეხება და რა არის ინოვაციური სტარტაპის სტატუსი?
ინოვაციური სტარტაპის სტატუსი არის კიდევ ერთი მიმზიდველი ალტერნატივა სამეწარმეო საზოგადოებებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ინოვაციურ საქმიანობას და აკმაყოფილებენ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭებისთვის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
სტატუსის მოსაპოვებლად ბიზნესმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები:
- ინოვაციური პროფილი: კომპანია ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, პროცესს ან ეწევა ინოვაციურ მომსახურებას;
- მოზიდული დაფინანსება: განაცხადის წარდგენამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მოპოვებული აქვს მინიმუმ 100,000 ლარის ინვესტიცია (საინვესტიციო ფონდის, აქსელერატორის ან ანგელოზი ინვესტორებისგან) ან მინიმუმ 150,000 ლარის სახელმწიფო გრანტი;
- მიზნობრივი საქმიანობა: კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები და მიღებული შემოსავალი არსებითად არის დაკავშირებული უშუალოდ დაფინანსებულ ინოვაციურ საქმიანობასთან;
- სუფთა ფინანსური ისტორია: სტატუსის მინიჭების მომენტისთვის კომპანიას არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება, არ ფიქსირდება მოვალეთა რეესტრში და არ მიმდინარეობს მისი ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის პროცესი.
ინოვაციური სტარტაპის საგადასახადო შეღავათები და მოქმედების ვადები
სტატუსი ბიზნესს ენიჭება 1 წლის ვადით, თუმცა მისი გაგრძელება შესაძლებელია ყოველწლიურად, ჯამში მაქსიმუმ 10 წლის განმავლობაში. საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება დროშია გაწერილი და წლების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- პირველი 3 წლის განმავლობაში: გაცემული ხელფასი სრულად თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან (მთავრობის მიერ დადგენილი ლიმიტის ფარგლებში);
- მე-4-დან მე-6 წლის ჩათვლით: მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების განაკვეთი მცირდება და მხოლოდ 5%-ით განისაზღვრება;
- მე-7-დან მე-10 წლის ჩათვლით: მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების განაკვეთი განისაზღვრება 10%-ით.
დაუშვებელია, სუბიექტს ერთდროულად ჰქონდეს ინოვაციური სტარტაპის და საერთაშორისო კომპანიის (ან ვირტუალური ზონის - რაც წარმოადგენს IT სფეროში მოქმედ კიდევ ერთ შეღავათიან რეჟიმს, რომელსაც დეტალურად ჩვენს მომავალ ბლოგში განვიხილავთ) სტატუსი. კომპანიის მიერ ერთ-ერთი ახალი სტატუსის მოპოვება ავტომატურად იწვევს უკვე არსებული სტატუსის გაუქმებას.
გამონაკლისი შრომითი მიგრაციის ახალ წესებში
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში ამოქმედებული შრომითი მიგრაციის ახალი რეგულაციები მნიშვნელოვან გამონაკლისს ითვალისწინებს იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ფლობენ საერთაშორისო კომპანიის ან ინოვაციური სტარტაპის სტატუსს.
კერძოდ, აღნიშნული სტატუსის მქონე კომპანიები უცხოელი თანამშრომლის (შრომითი იმიგრანტის) დასაქმებისას თავისუფლდებიან სავალდებულო „შრომის ბაზრის ტესტირებისგან“. ეს მათ ათავისუფლებს ბიუროკრატიული ვალდებულებისგან, წინასწარ გამოაქვეყნონ ვაკანსია შესაბამის პორტალზე, დაიცვან ადგილობრივ ბაზარზე კანდიდატების ძიების 10-დღიანი ვადა და სააგენტოს მიერ შეთავაზებულ კანდიდატებს წარუდგინონ დასაბუთებული უარი. შესაბამისად, ამ კომპანიებს შეუძლიათ უცხოელი სპეციალისტები ბევრად გამარტივებული პროცედურით დაასაქმონ, თუმცა შრომითი საქმიანობის უფლების (ნებართვის) მოპოვება მათთვის მაინც სავალდებულო მოთხოვნად რჩება.
თუ გსურთ უცხოელი სპეციალისტების დასაქმების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდეს და თავიდან აირიდოთ ბიუროკრატიული შეფერხებები, გაეცანით ჯასთის ლიგის შრომითი მიგრაციისა და საიმიგრაციო მომსახურებას, სადაც ჩვენი გუნდი სრულად უზრუნველყოფს სამუშაო უფლებებისა და ბინადრობის ნებართვების მიღებას.
როგორ ხდება სტატუსების მოპოვება?
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მოსაპოვებლად, პროცედურა შემოსავლების სამსახურში განცხადების წარდგენით იწყება. განცხადებას აუცილებლად უნდა დაერთოს ნებადართულ სფეროში საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა იღებს და სტატუსი კომპანიას უვადოდ ენიჭება.
რაც შეეხება ინოვაციური სტარტაპის სტატუსს, ამ შემთხვევაში მაძიებელი სუბიექტი განცხადებას წარუდგენს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს. სათანადო დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, სააგენტო განაცხადს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უგზავნის, საბოლოო გადაწყვეტილებასა და სტატუსის მინიჭებას კი, აქაც, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს. კომპანია საგადასახადო შეღავათებით სარგებლობას სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეძლებს.
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
შესაძლებელია თუ არა, კომპანია ერთდროულად ფლობდეს ორივე სტატუსს?
არა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დაუშვებელია საწარმო ერთდროულად სარგებლობდეს ინოვაციური სტარტაპისა და საერთაშორისო კომპანიის (ან ვირტუალური ზონის პირის) სტატუსით. ახალი სტატუსის მოპოვება ავტომატურად იწვევს უკვე არსებულის გაუქმებას.
რა დრო სჭირდება სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო პროცედურების გავლას?
ვინაიდან სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა იღებს, პროცედურის ზუსტი ვადები კანონმდებლობით მკაცრად გაწერილი არ არის. პროცესის ხანგრძლივობა ასევე დამოკიდებულია წარდგენილი დოკუმენტაციის სისრულეზე - ხარვეზების გარეშე, სწორად მომზადებული განაცხადი მას საგრძნობლად აჩქარებს.
რა ვადით ენიჭება კომპანიას საერთაშორისო კომპანიის ან ინოვაციური სტარტაპის სტატუსი?
საერთაშორისო კომპანიის სტატუსი ბიზნესს ენიჭება უვადოდ. რაც შეეხება ინოვაციურ სტარტაპს, მას სტატუსი გაიცემა 1 წლის ვადით, თუმცა მისი გაგრძელება შესაძლებელია ყოველწლიურად, ჯამში მაქსიმუმ 10 წლის განმავლობაში.
აქვს თუ არა საერთაშორისო კომპანიას სხვა წყაროდან შემოსავლის მიღების უფლება?
დიახ, თუმცა წლის განმავლობაში მიღებული სხვა (თანმდევი) შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს ნებადართული (ძირითადი) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 2%-ს.
როდიდან შეძლებს კომპანია საგადასახადო შეღავათებით სარგებლობას?
შეღავათები ძალაში შედის კომპანიისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
რა ხდება სტატუსის გაუქმების ან მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში?
სტატუსის გაუქმების ან ინოვაციური სტარტაპის შემთხვევაში - 10-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, კომპანია ავტომატურად უბრუნდება საგადასახადო დაბეგვრის სტანდარტულ რეჟიმს.
როგორ დაგეხმარებათ „ჯასთის ლიგა“ სასურველი სტატუსის მოპოვებაში?
სასურველი საგადასახადო სტატუსის მოპოვება მრავალსაფეხურიანი იურიდიული პროცესია, რომელიც მთავრობის რეგულაციებთან კომპანიის საქმიანობის სრულ შესაბამისობასა და დოკუმენტაციის სრულყოფილად ორგანიზებას მოითხოვს. სწორად და კვალიფიციურად მომზადებული განაცხადი კი მნიშვნელოვნად ამცირებს უარყოფითი გადაწყვეტილების ან დამატებითი მოთხოვნების ალბათობას, რაც პრაქტიკაში ყველაზე ხშირი მიზეზია პროცესის გაჭიანურების.
იურიდიული კომპანია ჯასთის ლიგა გთავაზობთ სრულ იურიდიულ მხარდაჭერას აღნიშნულ პროცესში. ჩვენ დაგეხმარებით როგორც საერთაშორისო კომპანიის, ისე ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად მომზადებასა და სამართლებრივად გამართვაში. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ეფექტურ წარმომადგენლობას, რათა თქვენმა ბიზნესმა შეუფერხებლად, ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიიღოს სასურველი სტატუსი და დაიწყოს შესაბამისი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა.

ᲓᲘᲢᲝ ᲮᲕᲘᲩᲘᲐ
August 3, 2026









