ახალი რეგულაციები უცხოელთა დასაქმებასთან და უცხოელთა მიერ ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებით

ახალი რეგულაციები უცხოელთა დასაქმებასთან და უცხოელთა მიერ ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებით

რა შეიცვალა საქართველოს კანონმდებლობაში უცხოელთა დასაქმებასთან და უცხოელთა მიერ ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებით?

მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან საქართველოში შრომითი მიგრაციის სრულიად ახალი, ბევრად უფრო მკაცრი რეგულაციები ამოქმედდება. თუ აქამდე ქვეყანაში საკმაოდ ლიბერალური მიდგომა მოქმედებდა, 2026 წლის 1-ლი მარტიდან თამაშის წესები რადიკალურად იცვლება.

ცვლილებამდე არსებული რეჟიმის პირობებში, ქვეყანაში ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, როგორც ასეთი, „საქმიანობის ნებართვა“ ან წინასწარი კონტროლის მექანიზმი არ არსებობდა. კომპანიებს ძირითადად ჰქონდათ მხოლოდ გამჭვირვალობის ვალდებულება, მათ უცხოელი დასაქმებულები უნდა დაერეგისტრირებინათ ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე და მონაცემები შესაბამისად აესახათ. შესაბამისად ძველი მოდელით საკმარისი იყო მხოლოდ პორტალზე რეგისტრაცია და ხელისუფლებისგან თანხმობის გაცემას არ მოითხოვდა. ეს მოდელი სახელმწიფოს არ აძლევდა შრომითი მიგრაციის რეალური კონტროლისა და მართვის საშუალებას.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებებითა და მთავრობის №70 დადგენილებით კი შემოდის სრულიად ახალი, მკაცრად გაწერილი პროცედურები, რომლის შესაბამისად უცხოელთა დასაქმების ან/და უცხოელთა მიერ ბიზნესის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ნებართვის გაცემის შემთხვევაში. ახალი რეგულაციები პრაქტიკულად ყველანაირ ეკონომიკურ საქმიანობას ფარავს, მიუხედავად იმისა, ფიზიკურად ხორციელდება ის საქართველოს ტერიტორიაზე თუ სრულად დისტანციურად.

ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ, თუ ვის ეხება ახალი კანონი და რა ნაბიჯების გავლა მოუწევს ბიზნესს ახალი რეალობის პირობებში.

ვის ეხება ახალი კანონი?

კანონმდებლობა მიზნობრივ ჯგუფებს ორ მთავარ კატეგორიად ყოფს. პირველი კატეგორიაა თვითდასაქმებული უცხოელი. აქ მოიაზრებიან დამოუკიდებელი კონტრაქტორები, პარტნიორები და ის პირები, რომლებიც საქართველოში იღებენ ფინანსურ სარგებელს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ამ კატეგორიაში ასევე ექცევიან უცხო ქვეყნის მოქალაქე კომპანიის დირექტორები და დამფუძნებლებიც, თუ ისინი ბიზნესიდან ეკონომიკურ სარგებელს იღებენ.

მეორე არის შრომითი იმიგრანტი, ანუ უცხოელი, რომელსაც კონკრეტულ ადგილობრივ კომპანიასთან აქვს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება.

მთავარი სიახლე: „შრომითი საქმიანობის უფლება“

ახალი სისტემის ფუნდამენტი არის ე.წ. „შრომითი საქმიანობის უფლების“ შემოღება. 1-ლი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქის ლეგალურად დასაქმებისთვის, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების გაფორმება საკმარისი აღარ არის.

ეს უფლება წარმოადგენს სპეციალურ ადმინისტრაციულ „ნებართვას“. მის გარეშე უცხოელს არ აქვს უფლება, განახორციელოს ანაზღაურებადი საქმიანობა საქართველოში. მეტიც, სწორედ ეს ნებართვაა აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ უცხოელმა შემდგომში მოიპოვოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან შრომითი ბინადრობის ნებართვა.

ვინ ითვლება „თვითდასაქმებულად“ და რატომ ეხება ეს დირექტორებს და პარტნიორებს?

თვითდასაქმებული უცხოელის ცნება ახალ კანონმდებლობაში ძალიან ფართოდ არის განმარტებული. ეს არის პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, არის მომსახურების მიმწოდებელი, დამოუკიდებელი კონტრაქტორი, პარტნიორი ან ნებისმიერი სხვა ფორმით არის ჩართული სამეწარმეო პროცესში ფინანსური სარგებლის მისაღებად.

სწორედ ამ ფართო განმარტების გამო, კომპანიის უცხოელი დამფუძნებლები, პარტნიორები და დირექტორები ცალსახად ექცევიან „თვითდასაქმებულის“ კატეგორიაში. რადგან ისინი უშუალოდ არიან ჩართულნი საწარმოს მართვაში ან ფლობაში და იღებენ ეკონომიკურ სარგებელს, მათზე სრულად ვრცელდება ახალი რეგულაციები.

ეს ნიშნავს, რომ იმ ქვეყნების მოქალაქეებსაც კი, რომლებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება აქვთ (მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ან აშშ-ის მოქალაქე დირექტორებს), მოუწევთ სპეციალური შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება და შემდგომ ბინადრობის ნებართვის აღება თავიანთი უფლებამოსილების ლეგალურად შესასრულებლად.

პროცედურა თვითდასაქმებულებისა და დამფუძნებლებისთვის/დირექტორებისთვის

შრომითი იმიგრანტებისგან განსხვავებით, სადაც ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული პროცედურების გავლა დამსაქმებლის პასუხისმგებლობაა, თვითდასაქმებულმა პირმა (მათ შორის დირექტორმა/პარტნიორმა) თავად უნდა მიმართოს სააგენტოს.

ამ პირებისთვის პროცედურა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • დოკუმენტაციის წარდგენა: სააგენტოში ელექტრონულად იგზავნება პირადი მონაცემები, ინფორმაცია განათლებისა და კვალიფიკაციის შესახებ, კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი, წლიური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტები ან დეტალური ბიზნესგეგმა ახალი კომპანიის შემთხვევაში.
  • სავალდებულო ვიდეოგასაუბრება: ეს არის სრულიად ახალი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი. განაცხადის გაკეთების შემდეგ, პირი ვალდებულია გაიაროს ვიდეოგასაუბრება სააგენტოს წარმომადგენელთან, რათა დაადასტუროს თავისი განაცხადის ნამდვილობა და რეალური ბიზნესგეგმა.
  • ვიზა და შრომითი ბინადრობა: შრომითი საქმიანობის უფლების მიღების შემდეგ, უცხოელს აქვს 30 კალენდარული დღე D1 ვიზის ასაღებად (თუ საზღვარგარეთაა), ხოლო თუ უკვე საქართველოშია - 10 კალენდარული დღე შრომითი ბინადრობის მოსათხოვნად.

გამონაკლისი: თუ უცხოელი სრულად დისტანციურად მუშაობს/საქმიანობს და ეს არ მოითხოვს მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას, მას შრომითი საქმიანობის უფლების აღება უწევს, თუმცა თავისუფლდება შემდგომი D1 ვიზისა და ბინადრობის ნებართვის აღების ვალდებულებისგან.

ახალი თანამშრომლის (შრომითი იმიგრანტის) აყვანის ეტაპები

როდესაც კომპანიას სურს უცხო ქვეყნის მოქალაქე კადრის დაქირავება, პროცესი ბევრად უფრო კომპლექსური ხდება. კანონმდებლობის იდეას წარმოადგენს პრიორიტეტული დასაქმება საკუთარი მოქალაქეების, შესაბამისად სახელმწიფომ დანერგა ე.წ. „შრომის ბაზრის ტესტი“, რათა პირველ რიგში ადგილობრივი სამუშაო ძალის ინტერესები დაიცვას.

დამსაქმებელს მოუწევს შემდეგი ეტაპების გავლა:

  • ვაკანსიის გამოქვეყნება: განაცხადის გაკეთებამდე მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე, ვაკანსია სავალდებულოდ უნდა განთავსდეს worknet.moh.gov.ge-ზე.
  • უარის დასაბუთება: თუ სააგენტო შემოგთავაზებთ ადგილობრივ კანდიდატს და მასზე უარს იტყვით, 3 სამუშაო დღეში უნდა წარადგინოთ დასაბუთებული უარი, რომლის საფუძვლიანობასაც სააგენტო, ასევე, 3 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს.
  • ნებართვის მოთხოვნა: მხოლოდ დადებითი პასუხის შემდეგ ხდება შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნა. პროცესს სჭირდება 10 სამუშაო დღე (დაჩქარებული - 400 ლარი) ან 30 კალენდარული დღე (სტანდარტული - 200 ლარი).
  • ვიზა და ბინადრობა: იმ შემთხვევაში თუ უცხოელი დასაქმებული არ იმყოფება საქართველოში, უფლების მიღებიდან 30 კალენდარულ დღეში უნდა მოითხოვოს D1 ვიზა. ხოლო ქვეყანაში ყოფნის შემთხვევაში, 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შრომითი ბინადრობის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად.

გამონაკლისები შრომის ბაზრის ტესტისგან

შრომითი მიგრაციის ახალი კანონმდებლობა ითვალისწინებს კონკრეტულ შეღავათებს. აღსანიშნავია, რომ ეს გამონაკლისები დამსაქმებელს ათავისუფლებს მხოლოდ წინასწარი „შრომის ბაზრის ტესტის“ (ვაკანსიის გამოქვეყნების) ვალდებულებისგან. შრომითი საქმიანობის უფლების აღება ყველა შემთხვევაში სავალდებულო რჩება.

შრომის ბაზრის ტესტის გავლა არ მოუწევთ:

  • საერთაშორისო კომპანიის ან ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე ბიზნესებს.
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა კორპუსის საერთაშორისო წევრებს.
  • დამსაქმებლებს, რომლებიც სთავაზობენ მაღალანაზღაურებად პოზიციებს. კერძოდ, თუ ვაკანტური პოზიციისთვის გათვალისწინებული ყოველთვიური შრომის ანაზღაურება აღემატება 15,000 ლარს (დარიცხული) და პოზიცია ობიექტურად მოითხოვს შესაბამისი სპეციალობის უმაღლეს განათლებას.

მიუხედავად გამონაკლისისა, თუ ამ მაღალანაზღაურებად პოზიციაზე სააგენტო ჩათვლის, რომ არ არსებობს კონკრეტული უცხოელის მიერ სამუშაოს შესრულების აუცილებლობა, მას შეუძლია ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, მაინც მოითხოვოს შრომის ბაზრის ტესტის გავლა. ამ უფლებას კანონმდებელი იტოვებს, რათა მოჩვენებითად არ მოხდეს მის მიერ დაწესებული რეგულაციებისა და დაწესებული პრიორიტეტების გვერდის ავლა.

კვოტები და აკრძალული სფეროები

სახელმწიფომ შემოიღო წლიური კვოტების სისტემა იმ პროფესიებზე, რომლებიც არ მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას ან სადაც ადგილობრივი სამუშაო ძალა სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნას.

უმთავრესი სიახლეა ის, რომ დადგინდა ნულოვანი (0) კვოტა მთელ რიგ პოპულარულ სფეროებზე. ეს ნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქმიანობის უფლება საერთოდ აღარ გაიცემა შემდეგ საქმიანობებზე:

  • საკურიერო მომსახურება.
  • მგზავრების გადაყვანა (მაგალითად, ტაქსის მძღოლები).
  • ტურისტებისთვის გიდების სერვისი.

გარდა ამისა, ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებაზე დაწესდა მკაცრი ლიმიტი – წლიური კვოტა შეადგენს მხოლოდ 200 უფლებას.

სანქციები: პასუხისმგებლობა დამსაქმებლებისთვის და დასაქმებულებისთვის

ახალი რეჟიმი გამყარებულია ძალიან მკაცრი ფინანსური სანქციებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ დამსაქმებელს, არამედ უშუალოდ დასაქმებულსა და თვითდასაქმებულ უცხოელსაც.

  • **ჯარიმა დამსაქმებლისთვის: **შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმება იწვევს კომპანიის დაჯარიმებას 2,000 ლარით თითოეულ დასაქმებულზე.
  • ჯარიმა დასაქმებულისთვის: უნებართვოდ მუშაობისთვის თავად შრომითი იმიგრანტიც ჯარიმდება 2,000 ლარის ოდენობით.
  • **ჯარიმა თვითდასაქმებულისთვის: **ანალოგიურად, თუ თვითდასაქმებული უცხოელი (მათ შორის დირექტორი) ნებართვის გარეშე ახორციელებს საქმიანობას, ის ჯარიმდება 2,000 ლარით.
  • სფეროს თვითნებური შეცვლა: თუ პირი ნებართვის განახლების გარეშე შეიცვლის საქმიანობის სფეროს ან დამსაქმებელს, მას დაეკისრება 2,000 ლარიანი ჯარიმა.
  • ინსპექტირების ხელის შეშლა: შრომის ინსპექციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა იწვევს მკაცრ ჯარიმებს. თუ ამას თვითდასაქმებული პირი ჩაიდენს, მისი ჯარიმა 5,000 ლარს შეადგენს.

კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა იწვევს ჯარიმის ორმაგ, შემდგომში კი სამმაგ ოდენობას. დაჯარიმებას ექვემდებარება ასევე შეთანხმების გარეშე შრომითი საქმიანობის პირობების და პოზიციის ცვლილება, რათა არ მოხდეს კანონმდებლობისთვის გვერდის ავლა.

ასევე, დამსაქმებელი ვალდებულია 5 კალენდარული დღის ვადაში აცნობოს სისტემას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ, რისი დარღვევაც დამატებით 1,000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

გარდამავალი პერიოდი მოქმედი ბიზნესებისთვის

სახელმწიფომ გაითვალისწინა ბიზნესის ინტერესები და დააწესა გარდამავალი პერიოდი:

  • თვითდასაქმებულები და დირექტორები: თუ ისინი 2026 წლის 1-ლი მარტისთვის უკვე ეწევიან საქმიანობას, მათზე ჯარიმების მექანიზმი მხოლოდ 2026 წლის 1-ლი მაისიდან გავრცელდება. შესაბამისად, მათ აქვთ დრო, ამ ვადამდე გაიარონ პროცედურები.
  • არსებული თანამშრომლები: იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც 2026 წლის 1-ლი მარტისთვის უკვე რეგისტრირებულნი არიან ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში (აქვთ აქტიური სტატუსი), დრო 2027 წლის 1-ლ იანვრამდე ეძლევათ, რათა ახალი წესებით მოიპოვონ შრომითი უფლება და ბინადრობა.

როგორ დაგეხმარებათ "ჯასთის ლიგა" საიმიგრაციო რისკების მართვაში

შრომითი მიგრაციის ახალი კანონმდებლობა რთული და ბიუროკრატიული პროცესია, რომელიც ბიზნესისგან დიდ ყურადღებას მოითხოვს. თითოეული ვადის გადაცილებამ ან დოკუმენტის არასწორად წარდგენამ შესაძლოა თქვენი კომპანიის ფინანსური დაჯარიმება და საოპერაციო შეფერხება გამოიწვიოს.

იურიდიული კომპანია „ჯასთის ლიგა“ გთავაზობთ სრულ იურიდიულ მხარდაჭერას როგორც გარდამავალ ეტაპზე, ისე ახალი კანონმდებლობის პირობებში შემდგომი საქმიანობისას. ჩვენ დაგეხმარებით შრომის ბაზრის ტესტის სწორად გავლაში, შრომითი უფლების დროულ მოპოვებასა და ბინადრობის ნებართვის პროცედურების უსაფრთხოდ დაგეგმვაში.

წაიკითხეთ დაკავშირებული სტატიები: სამართლებრივი მოთხოვნები საქართველოში ინვესტორებისთვის: გზამკვლევი ; ბინადრობის ნებართვის მოპოვება საქართველოში

ნიკოლოზ შუბაშვილი

ᲜᲘᲙᲝᲚᲝᲖ ᲨᲣᲑᲐᲨᲕᲘᲚᲘ

February 27, 2026

Justice League All rights reserved
Loading
უცხოელთა დასაქმების ახალი წესები საქართველოში