ეროვნულმა ბანკმა კრიპტობიზნესის/VASP-ების წესები გაამკაცრა

2026 წლის 27 აგვისტოდან საქართველოში კრიპტობიზნესის წესები შეიცვალა. აქამდე ასეთი კომპანიებისგან, ძირითადად, ეროვნულ ბანკში რეგისტრაციასა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო წესების დაცვას ითხოვდნენ. ეროვნული ბანკის ახალი ბრძანებით (№207/04) მათ პირველად მოეთხოვებათ მინიმალური კაპიტალი და რისკების მართვის სრულფასოვანი სისტემა. ცვლილება ეხება როგორც რეესტრში უკვე შეყვანილ კომპანიებს, ისე ყველას, ვინც რეგისტრაციას ახლა გეგმავს.
ვის ეხება ცვლილებები?
ცვლილება ეხება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებს (VASP), იგივე კრიპტოკომპანიებს. ესენი არიან კომპანიები, რომლებიც სხვებს სთავაზობენ ვირტუალური აქტივების გადაცვლას, მათ შორის თვითმომსახურების კიოსკით, ასევე გადარიცხვას, შენახვას, პორტფელის მართვას, სავაჭრო პლატფორმას, სესხად გაცემას ან ახალი აქტივის პირველად შეთავაზებას.
ცვლილება მოულოდნელი არ არის. 2025 წლის დეკემბერში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესული ცვლილებით ეროვნულ ბანკს უფლება მიეცა, VASP-ებს კაპიტალის, რისკების მართვისა და ლიკვიდაციის წესები დაუწესოს. კანონი მას ამ წესების მიღებას 2026 წლის 1 სექტემბრამდე ავალებდა. აგვისტოს ბრძანებები სწორედ ამ დავალების შესრულებაა. ეს ნიშნავს, რომ VASP-ების სექტორი ახლა ფულის გათეთრების კონტროლის გარდა ფინანსური მდგრადობის ზედამხედველობის ქვეშაც ექცევა.
რა შეიცვალა: 5 მთავარი სიახლე
- მინიმალური კაპიტალი - აქამდე ასეთი მოთხოვნა არ არსებობდა. ახლა კომპანიას მუდმივად უნდა ჰქონდეს 150 000-დან 350 000 ლარამდე საკუთარი კაპიტალი, იმის მიხედვით, რა მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს.
- რისკების მართვის სისტემა - საჭიროა წერილობითი პოლიტიკები, კიბერდაცვა, სისტემების რეგულარული ტესტირება და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა.
- ავტომატური მონიტორინგი - კომპანიას უნდა ჰქონდეს პროგრამა, რომელიც ბლოკჩეინის მონაცემებზე დაყრდნობით საეჭვო და ერთმანეთთან დაკავშირებულ ოპერაციებს ავტომატურად ავლენს.
- მფლობელების მკაცრი კონტროლი - „მნიშვნელოვანი წილის“ მფლობელად ახლა ზუსტად 10%-ის მფლობელიც ითვლება. აქამდე ეს ზღვარი 10%-ზე მეტი იყო.
- მომსახურებების მკაფიო სია - წესი რვა სახის მომსახურებას ჩამოთვლის. ყოველი ახალი სახის მომსახურება ეროვნული ბანკის თანხმობამდე არ უნდა დაიწყოს. ბანკი პასუხს სრული დოკუმენტაციის მიღებიდან 1 თვეში იძლევა.
რას ნიშნავს ეს თქვენი ბიზნესისთვის?
რამდენი კაპიტალი დაგჭირდებათ?
საზედამხედველო კაპიტალი კომპანიის საკუთარი სახსრებია, რომლებიც ზარალის შემთხვევაში „უსაფრთხოების ბალიშის“ როლს ასრულებს. მისი ოდენობა მომსახურების სახეზეა დამოკიდებული (მინიმალური კაპიტალი):
- კრიპტოაქტივების გადაცვლა (მათ შორის, კიოსკით) ან გადარიცხვა - 150,000 ლარი
- სავაჭრო პლატფორმის (ბირჟის) მართვა - 350,000 ლარი
- სხვა მომსახურება, მაგალითად, შენახვა, პორტფელის მართვა, სესხად გაცემა - 250,000 ლარი
თუ კომპანია რამდენიმე მომსახურებას ეწევა, ოდენობები არ იკრიბება: მოქმედებს ყველაზე მაღალი. მაგალითად, გადაცვლა და სავაჭრო პლატფორმა ერთად 350 000 ლარს მოითხოვს და არა 500 000-ს. სტაბილური კრიპტოაქტივების (stablecoin, ვალუტაზე მიბმული აქტივი) გამოშვებას ცალკე წესი არეგულირებს. იქ მინიმუმი 500 000 ლარია, დამატებით ცვლადი ნაწილით.
კაპიტალი ბანკში არსებული ფულის ტოლი არ არის. კანონის მიხედვით, მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი შედგება პირველადი და მეორადი კაპიტალის ელემენტების ჯამისგან, სადაც, სულ მცირე, 75% უნდა იყოს პირველადი კაპიტალის ელემენტები, ხოლო მეორადი კაპიტალის ელემენტები ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს პირველადი კაპიტალის ელემენტების 1/3-ისა.
კაპიტალი მუდმივად უნდა შენარჩუნდეს. თუ ის მინიმუმს ჩამოცდება, კომპანიამ ეს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს და 5 სამუშაო დღეში წარადგინოს შევსების გეგმა.
რას ნიშნავს რისკების მართვა პრაქტიკაში?
- წერილობითი პოლიტიკები საოპერაციო რისკებზე, კიბერუსაფრთხოებაზე, თაღლითობასა და ტექნოლოგიურ მდგრადობაზე.
- შეღწევადობის ტესტი, სპეციალისტების მიერ ჩატარებული კონტროლირებადი „ჰაკერული შეტევა“ სისუსტეების აღმოსაჩენად. კრიტიკულ სისტემებზე ის ყოველწლიურად ტარდება, დანარჩენზე სულ მცირე 3 წელიწადში ერთხელ, ასევე კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ყოველი მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ.
- სისუსტეებზე სკანირება წელიწადში სულ მცირე ორჯერ.
- ბიზნესუწყვეტობის გეგმა: როგორ გააგრძელებს კომპანია მუშაობას ავარიის ან კიბერშეტევის დროს, IT სისტემების აღდგენის ჩათვლით. მისი ტესტირება წელიწადში ერთხელ მაინც რეკომენდებულია.
- ჩანაწერების შენახვა: რისკების მართვის დოკუმენტების ყველა ვერსია ინახება მომსახურების შეწყვეტიდან 8 წლის განმავლობაში.
- დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა, რომელიც ამ მოთხოვნებთან შესაბამისობას ადასტურებს.
თუ აუდიტი ან შეღწევადობის ტესტი კრიტიკულ ან მაღალი რისკის სისუსტეს აჩვენებს, ეროვნულ ბანკს შეუძლია კომპანიას რეგისტრაცია ან კონკრეტულ მომსახურებაზე თანხმობა გაუუქმოს.
რა ვადაში უნდა მოხდეს უკვე რეგისტრირებული კრიპტოკომპანიების/VASP-ების კანონთან შესაბამისობა?
ვადები და სამოქმედო სია
გარდამავალი ვადა მხოლოდ კაპიტალსა და რისკების მართვას აქვს. დანარჩენი ცვლილებები 2026 წლის 27 აგვისტოდან უკვე მოქმედებს.
ახლავე:
- შეამოწმეთ, ავლენს თუ არა თქვენი მონიტორინგის პროგრამა ავტომატურად როგორც საეჭვო, ისე ერთმანეთთან დაკავშირებულ ოპერაციებს. ასეთი სისტემის არქონა რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია, რასაც ხელახალი რეგისტრაციის 3-წლიანი აკრძალვა მოსდევს. ამავე დარღვევაზე ჯარიმა 20 000 ლარია.
- გადახედეთ წილობრივ სტრუქტურას: ხომ არ გყავთ ზუსტად 10%-ის მფლობელი, რომელიც ახლა „მნიშვნელოვანი წილის“ მფლობელად ითვლება.
- ახალი სახის მომსახურება ეროვნული ბანკის თანხმობამდე არ დაიწყოთ.
- ეროვნულ ბანკში დოკუმენტების წარდგენისას ახალი ფორმები გამოიყენეთ.
- შეარჩიეთ აუდიტორი.
2027 წლის 1 ივლისამდე: შესაბამისობაში უნდა მოვიდეს რისკების მართვის სრული სისტემა.
2027 წლის 1 სექტემბრამდე: უნდა შეივსოს მინიმალური კაპიტალი.
2028 წლის 1 იანვრამდე: ეროვნული ბანკი თქვენს სარეგისტრაციო აქტს განაახლებს და მასში თქვენს მომსახურებებს ჩამოწერს. გადაამოწმეთ, სწორად აისახა თუ არა ისინი.
რეგისტრაციას გეგმავთ? რა დაგჭირდებათ
- კაპიტალი, განაცხადამდე. განაცხადს უნდა ახლდეს საბანკო ამონაწერი, რომელიც მინიმალური კაპიტალის შევსებას ადასტურებს.
- მონიტორინგის პროგრამა, საქმიანობის დაწყებამდე.
- რისკების მართვის სისტემა და აუდიტორის დასკვნა, რეგისტრაციიდან 12 თვეში.
- ახალი ფორმები, მათ შორის მომსახურებების განახლებული ჩამონათვალი.
- სტაბილური კრიპტოაქტივის გამოშვებისთვის დამატებით, უკვე რეგისტრაციის ეტაპზე: კორპორაციული მართვის, კაპიტალისა და აუდიტის დოკუმენტები და შეთავაზების დოკუმენტი.
ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას, ჩვეულებრივ, 60 კალენდარულ დღეში იღებს, თუმცა ეს ვადა შეიძლება შეჩერდეს ან გაგრძელდეს.
კიდევ რა იცვლება?
- ჯარიმები.2026 წლის 25 აგვისტოდან ეროვნული ბანკის ჯარიმების წესი VASP-ების რეგულირების დარღვევებსაც მოიცავს. მაგალითად, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული მომსახურების სქემის დარღვევა 20 000 ლარით ჯარიმდება.
- მომხმარებელთა პრეტენზიები, 2027 წლის 1 იანვრიდან. პრეტენზია უნდა მიიღოთ ზეპირად, წერილობით და ელექტრონულად, განიხილოთ 1 თვეში და ყოველთვიურად, 10 რიცხვამდე, სტატისტიკა ეროვნულ ბანკს წარუდგინოთ.
- Travel Rule, 2027 წლის 31 დეკემბრამდე. ეს არის გადარიცხვისას გამგზავნისა და მიმღების მონაცემების გადაცემის წესი. ამ თარიღიდან თითოეულ დარღვევაზე ჯარიმა 500 ლარია.
- ლიკვიდაციის წესი, 2028 წლის 1 სექტემბრიდან. რეგისტრაციის გაუქმებისთანავე ლიკვიდაცია იწყება, ლიკვიდატორს კი ეროვნული ბანკი ნიშნავს.
როგორ დაგეხმარებით
ჯასთის ლიგა-ს გუნდი დაგეხმარებათ ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებაში, კაპიტალის სტრუქტურირებაში, ბიზნესგეგმისა და რისკების მართვის დოკუმენტაციის მომზადებაში, სარეგისტრაციო პაკეტის შედგენასა და ეროვნულ ბანკთან კომუნიკაციაში. რაც უფრო ადრე დაიწყებთ კანონთან შესაბამისობაზე ზრუნვას, მით უფრო უმტკივნეულოდ ჩაივლის არსებული ცვლილებები.
სტატია საინფორმაციო ხასიათისაა, ასახავს 2026 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობას და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
დაკავშირებული სტატიები:

ᲘᲠᲐᲙᲚᲘ ᲪᲐᲜᲙᲐᲨᲕᲘᲚᲘ
September 30, 2026









